პროკურატურაში დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ - წერს თოლორაია

ლონდა

სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს.

საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" დაიწყო.

თოლორაია წერს, რომ მისვლას არ აპირებს.

"წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;

ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.

ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.

დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", - წერს ის.

პროკურატურაში დაიბარეს გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილიც, მანამდე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მეტის ნახვა