ახალი ამბები • 1737553574
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
ხმაურისა გარეშე ბათუმის საკრებულოს სხდომას არც დღეს ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. ვაჟა დარჩიამ, ქვეყანაში შემქნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და თვითმმართველობის წევრების პოზიცია გააკრიტიკა. მას კითხვები ჰქონდა საპოლიციო ძალების მიერ გადამეტებულ ძალასთან, არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციასთან, შეჩერებულ პროექტებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის დეპუტატები კი, ჩვეული რიტორიკით, ოცნებას მადლობას უხდიდნენ და ოპოზიციას ფიქტიურ ბოიკოტში ადანაშაულებდნენ.
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას მოჰყვა. ვაჟა დარჩიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მმართველი გუნდის მიერ შემქნილ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბარი, სირცხვილია. დარჩიამ აქცენტი გააკეთა სისტემურ დანაშაულზე, იმაზე, თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს და როგორ ძალადობდნენ მათ შორის ჟურნალისტებზე სამართალდამცველები. ოპოზიციონერმა ასევე ისაუბრა შეჩერებულ პროექტებზე, არალეგიტიმურ მთავრობასა და უდიპლომო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
ვაჟა დარჩიას განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ადგილობრივი თვითმმართველოს წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა იმ პარტიისგან, რომელმაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე უარი არ თქვა და ამით, ირიბად არჩევნების შედეგები აღიარა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ოპოზიცია ფიქტიურ ბოიკოტს აცხადებს, პარალელურად კი, ქვეყანას ავტორიტეტს მიზანმიმართულად ულახავს.
ვაჟა დარჩიას განცხადებას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსების შეჩერებაზე თენგიზ აფხაზავა გამოეხმაურა. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები მერიას არ მიუღია. აფხაზავას თქმითვე, ასეც რომ მოხდეს, მეხუთე ფაზის გაგრძელებას საფრთხე არ ემუქრება.
„ეს იყო ღალატის, თუმცა უდიდესი გამარჯვების წელი“ - ასე აფასებს მიმდინარე წლის მოვლენებს საკრებულოს წევრი ფიქტიური ოპოზიციიდან. ნინო ცხვარაძე ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ქვეყნის მართვის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ მიანდო. იგივე აზრს იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარეც.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის, პრივატიზების გეგმაში ცვლილების შეტანა, ბათუმის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასური და სხვა.
ბათუმის საკრებულოს სხდომას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო საქართველოსთვის“ესწრებოდა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას არ დასწრებია და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდა ფიქტიური ოპოზიცია „ხალხის ძალა“.
1728455482
1727447820