რა რეაგირებას მოახდენს ხელვაჩაურის მერია მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისა და გინების  ფაქტზე?

რა რეაგირებას მოახდენს ხელვაჩაურის მერია საჯარო მოხელეების მიერ მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფისა და გინების  ფაქტზე? ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს იმ ხმაურიან ინცინდენტზე, რომელიც 18 ნოემბერს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა. საუბარია ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს დაწყებულ დაპირისპირებაზე, რომელიც ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორსა და მოქალაქეებს შორის იყო. თადეოზ ბოლქვაძემ თორნიკე ქავთარაძეს ჯერ შეაფურთხა, შემდეგ კი აგინა. ინცინდენტში მოგვიანებით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აიპებში დასაქმებული სხვა  საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ, მათ შორის იოსებ ბოლქვაძე და ირაკლი კარანაძე.  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ სამსახურში არ იმყოფებოდა და არ იცის რა მოხდა, თუმცა თუკი სამართლებრივი გადაცდომა არსებობს, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება. დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ და რა მუხლით, ვერ გავარკვიეთ. გომელაურის უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მეტის ნახვა