ახალი ამბები • 1730812301
სალომე ზურაბიშვილს პროკურატურა იბარებს
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით".
მათი თქმით, გამოკითხვაზე იბარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".
განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.
1726854943
1726726009