უცნობი ნომრებიდან მოქალაქეებს ურეკავენ და დაშანტაჟებას ცდილობენ

მუქარა, გინება, შეურაცხყოფა და რეინიცირებული კანონის ქართულობის მტკიცება - საეჭვო ზარები მოქალაქეებთან, რომელზეც დღეს მოქალაქეთა დიდი ნაწილი საუბრობს. ცნობილი ხდება, რომ უცხო პირები ურეკავენ მათ, ვინც კრიტიკულად საუბრობს მმართველ გუნდზე და ხმამაღლა,  ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს აგენტების კანონთან მიმართებაში. ზარები ძირითადად დაფარული ნომრით ან უცხო ქვეყნიდან ხორციელდება. საუბარი იწყება გინებით და გრძელდება მუქარით. მესამე სექტორი ამ ყველაფრის უკან სუსს ხედავს და მოქალაქეების დაშინების მცდელობად აფასებს. 

საეჭვო კაცთან, საეჭვო ზარი, სავარაუდოდ გუშინ, იმ მიზნით შევიდა, რომ მოქალაქე, პარლამენტში რეინიცირებული კანონის ქართულობაში დაერწმუნებინა. ვიდეოში, რომელიც იუთუბერმა  სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, ისმის თუ როგორ აგინებენ მას განსხვავებული აზრის გამო.

მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა ნათია კუპრაშვილის მისამართითაც. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ამბობს, რომ მისი სახლის მისამართი დაუსახელეს და უთხრეს, რომ ბინასთან ელოდებოდნენ.

მსგავსი შინაარსის ზარი  გუშინ ბევრ მოქალაქესთან შევიდა. ძირითადად კი იმ ადამიანებთან, ვისაც პოლიტიკური პოზიცია საჯაროდ გაცხადებული აქვს და ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდება. ჩნდება კითხვა, საიდან აქვთ წვდომა ზარის განმახორციელებლებს მობილურ ნომრებსა და პერსონალურ მონაცემთა ბაზაე? არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ ყველაფრის უკან საზოგადოების დაშინების მცდელობას ხედავს. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ეს სუსის ხელწერაა.

იურისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს, რადგან სახეზეა პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება. თამარ წულუკიძის თქმით, მობილური ტელეფონის ნომერი პერსონალურ მონაცემს მიეკუთვნება და მისი უკანონოდ გამოყენება,  სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. საიაში მიაჩნიათ,  რომ ცალკე პრობლემაა 

 

ვერბალური ძალადობის ფაქტიც - გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. წულუკიძე  შესაბამის უწყებებს, რეაგირებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების სპეციალისტი მოქალაქეებს ურჩევს საეჭვო ნომრებს არ უპასუხონ.  ნათია სირაბიძე ამბობს, რომ ჩანაწერი შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული.

რა რეაგირება ექნება ფაქტთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს?  უწყებაში, ჩვენს ზარებს,  უქმე დღეების მიზეზით არ უპასუხეს. გავრცელებული  ინფორმაციით, იმ ადამიანების ტელეფონების ნომრები, ვისთანაც რეკავენ და აგინებენ, სუს-ის ბაზაშია, რომელსაც თავისი სახელიც აქვს - "არასაიმედოები". მასში იმ პირების პირადი მონაცემებია, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. 

მეტის ნახვა