სარიტუალო დარბაზი სპორტდარბაზის ფუნქციით - კარატისტები სათანადოდ ვერ ვარჯიშობენ

სარიტუალო დარბაზი სპორტდარბაზის ფუნქციით. ბათუმში, კარატისტები შესაბამისი სივრცის გარეშე არიან და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა წლებია მოუგვარებელია და შეჯიბრებებისთვის სათანადოდ ვერ ემზადებიან. ვითარების გამოსწორებას ითხოვენ მწვრთნელებიც.

ეს შენობა დღისით, სარიტუალო დარბაზის ფუნქციას ასრულებს, საღამოს კი, სივრცეს ათობით კარატისტი იკავებს და ვარჯიშობს. სპორტსმენები ჩემპიონატებისთვის, ნაქირავები დარბაზის ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ემზადებიან.

კარატისტები ჯგუფებად არიან დაყოფილები. სივრცის სიმცირის გამო, ყველა ერთად მომზადებას ვერ ახერხებს - ვარჯიშობენ მორიგეობით. მათთვის გამოყოფილი დროც ხშირად გაურკვეველია, რადგან დარბაზში სხვა ღონისძიებები იმართება.

წლების განმავლობაში, სპორტდარბაზის გარეშე დარჩენილ სპორტსმენებზე მწვრთნელებიც საუბრობენ. მათი თქმით, მოზარდთა მხრიდან დაინტერესება მაღალია, თუმცა, სივრცის სიმცირის გამო, მოსწავლეები ვერ აჰყავთ. მათ პოზიციას ამყარებს აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტიც.

ბათუმში ახალი სპორტის სასახლე აშენდა, თუმცა, აქ კარატესთვის საჭირო ადგილი არ აღმოჩნდა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პირობას დებენ, რომ ფედერაციას უახლოეს პერიოდში დაეხმარებიან.

კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ სპორტსმენებს ამ პირობებში ვარჯიში, ჯერჯერობით უცნობია.

მეტის ნახვა