"კულინარიული მოგზაურობა აჭარაში" – 100-ზე მეტი აჭარული კერძის კულინარიული გზამკვლევი მზადაა

კულინარიული მოგზაურობა აჭარაში

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“- ასე ჰქვია კულინარიულ გზამკვლევს, რომელშიც 110-მდე კერძია შეტანილი. წიგნი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ  კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილია მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე https://visitajara.com/ka/maps-brochures შეუძლიათ. კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს, კვების ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ.

მეტის ნახვა