ახალი ამბები • 1733997205
2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - "კრაკენი" დომინანტი გახდება - ბიძინა კულუმბეგოვი
ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 300 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ცოტა არ არის.
„კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.
„კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. ფაქტია, რომ კორონავირუსი ჩვენთან იარსებებს, ბევრი ინტერესის და შეშფოთების ვარიანტია, რომელსაც აკვირდებიან.
აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი მედიაცენტრ „მთავარში“.
მას მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში, მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის ოცი მილიონი შემთხვევა, 114 000 კი ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ის აღნიშნავს, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, თუ დეკემბერში კორონავირუსის 2569 შემთხვევა იყო აღრიცხული, იანვარში ეს მაჩვენებელი 4670-ს შეადგენდა.
1733990122
1728455482
1727447820