25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ძალადობა ქალზე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. მიზანი ცნობიერების ამაღლებაა იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელ მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანი მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენაა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ისტორიულად, თარიღი ეფუძნება 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას. მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს, ეს თარიღი გაერო-მ აღიარა სპეციალური რეზოლუციით.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამანადგურებელი ფორმაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების ერთი-მესამედი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს რიცხვი მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან სხვადასხვა სტიგმის გამო, ამ ტიპის ძალადობა ხშირად გაუხმაურებელი რჩება. შედეგად, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩება.

ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობა ვლინდება ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ფორმებით, რაც მოიცავს:

  • ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას (ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ქმრის მხრიდან გაუპატიურება, ფემიციდი);
  • სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას (გაუპატიურება, იძულებითი სქესობრივი აქტები, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, ქუჩაში შევიწროება, თვალთვალი, კიბერ-შევიწროება);
  • ადამიანთა ტრეფიკინგს (მონობა, სექსუალური ექსპლუატაცია);
  • ქალის გენიტალიების მუტაციას;
  • ბავშვთა ქორწინებას.

უფრო მეტი სიცხადისთვის, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ქალების სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას. ასეთი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს შორის არის თავისუფლების იძულებით ან თვითნებურად აღკვეთა, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“.

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გვერდითი შედეგები ქალებზე გავლენას ახდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

მართალია, გენდერული ნიშნით ძალადობა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ნებისმიერს შეემთხვეს, მაგრამ ზოგიერთი ქალი და გოგონა განსაკუთრებით მოწყვლადია; მაგალითად, ახალგაზრდა გოგონები, ხანდაზმული ქალები, ქალები, რომლებიც საკუთარ თავს ლესბოსელებად, ბისქსუალებად, ტრანსგენდერებად ან ინტერსექსუალურად აღიქვამენ, მიგრანტები და ლტოლვილები, ეთნიკური უმცირესობები, აივ-ინფექციის მატარებელი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ქალები.

ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც ხელს უშლის თანასწორობის, განვითარებისა და მშვიდობის მიღწევას, ისევე, როგორც ქალებისა და გოგონების უფლებათა აღსრულებას.

მეტის ნახვა