3 ივლისს შევიკრიბებით, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია - სამოქალაქო საზოგადოება მორიგ აქციას აანონსებს

შინ ევროპისკენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში „აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე "ოლიგარქია არ დაიშლება“.

„3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

მანამდე, შოთა დიღმელაშვილმა აქციის მთავარი მოთხოვნები გაახმოვანა. სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

მეტის ნახვა