ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს ქონებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ - მესამე სექტორი ცვლილებას ეწინააღმდეგება

ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ექსპროპრიაციის წესით, ქონების ჩამორთმევის საკითხს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან. ინიციატივა ბათუმის მერიამ საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინა.

თვითმმართველობას სურს ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით მოხდეს. ცვლილების აუცილებლობას მმართველ გუნდში, იმ მიზეზით ხსნიან, რომ შესაძლოა, რომელიმე შენობის მეპატრონემ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამაზე უარი განაცხადოს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, ქაოტური განაშენიანების და კორუფციული გადაწყვეტილებების რისკებს გაზრდის. ასევე თვლიან, რომ კანონპროექტის მიზანი, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებაა.

მესამე სექტორში იმედოვნებენ, რომ დაუსაბუთებელ და ფორმალურად გაცხადებულ ინიციატივას პარლამენტი არ დაამტკიცებს. ბათუმის მერიაში, საკითხზე, საპასუხო კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა