ავარიული კორპუსი ბათუმში - ლერმონტოვის 102 ნომერში ნომერში მცხოვრებლები დახმარებას მერიისგან ითხოვენ

ავარიული კორპუსი ბათუმში, რომელზეც არაერთხელ გიამბეთ. ლერმონტოვის 102 ნომერში მრავალბინიანი საცხოვრებელი სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული ჭერი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. შეშინებული მოქალაქეები დახმარებას მერიისგან ითხოვენ.

ლერმონტოვის ქუჩაზე, 102 ნომერში მდებარე კორპუსში ჭერის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. აქ მცხოვრები 75 ოჯახის სიცოცხლე ახლა საფრთხის წინაშეა. ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

სახლი ნელ-ნელა იშლება, თუმცა როგორც აქ მცხოვრებლები ყვებიან, ყურადღებას არავინ აქცევს. ამბობენ, რომ კორპუსი რვა წლის წინ გაამაგრეს, თუმცა ბზარები ყოველდღიურად ემატება.

ლერმონტოვის 102 ნომერში მდებარე კორპუსი ჩვენს ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. დახმარების თხოვნით მერიასაც არაერთხელ მიმართეს. გვარწმუნებენ, რომ მთავრობის წარმომადგენლები, დროგამოშვებით, ისიც მათი მოთხოვნის საფუძველზე, ადგილზე  მიდიან,  თუმცა დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებიან.

ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, პრობლემას ვერ ხედავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამბობს, რომ საშიში არაფერია. უფრო მეტიც, ის ხელს თავად მცხოვრებლებისკენ იშვერს.

რა ბედი ეწევა მოქალაქეებს, რომელთა ყოველდღიურობა სარისკოა და შეიყვანს  თუ არა ქალაქის მერია მისამართს ავარიული სახლების პროგრამაში? უწყების კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხეს. მოგვწერეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან და პრობლემის მოსაგვარებლად ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებენ.

მეტის ნახვა