Azerbaijan Airlines-ი რუსეთის შვიდ ქალაქში ფრენებს აჩერებს

აზერბაიჯანი

ყაზახეთში, აქთაუს აეროპორტის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა, Azerbaijan Airlines-ი  რუსეთის შვიდ ქალაქში 28  დეკემბრიდან ფრენებს აჩერებს.

 

ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი ავიაკატასტროფის გამოძიების პირველად შედეგებს და ფრენის უსაფრთხოების რისკებს ითვალისწინებენ. 

"25 დეკემბერს Embraer 190-ის ავიაკატასტროფის გამოძიების პირველადი მონაცემების, ასევე ფრენის უსაფრთხოების პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ფრენები მინერალნიე ვოდის, სოჭის, ვოლგოგრადის, უფას, სამარას, გროზნოსა და მაჰაჩყალას მიმართულებით 28 დეკემბრიდან შეჩერდება, საქმის წარმოების საბოლოო დასრულებამდე," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები კვლავ განახორციელებს ფრენებს რუსეთის ექვს დიდ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, 38 დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა. წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

მეტის ნახვა