ბათუმელი სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს გამოვლენ - საპროტესტო აქცია 14:00 საათზე დაიწყება

არა რუსულ კანონს

ბათუმელი სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს გამოვლენ. საპროტესტო აქცია 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება. შეკრების ადგილად შადრევნის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

აქცია საკომიტეტო განხილვის პარალელურად დაანონსდა. ახალგაზრდების თქმით, ევროპულ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ და არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

"ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა.

ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.

- ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას.

- უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას

- დამოუკიდებელ სასამართლოს

- ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას

ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

ვინც რუსულ საქმეს აკეთებს ქართველი ხალხის მტერია.

15 აპრილს, 14 საათზე, გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.

არა-რუსეთს

კი-ევროპას", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტის ნახვა