ბათუმის ავტოსადგური სავალალო მდგომარეობაშია - რას გეგმავს ქალაქის მერია?

საზოგადოება
11 მაი. 2023 • 17:07

მოქმედი ავტოსადგურები, რომლებშიც არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. გამონაკლისი, არც ბათუმია. მაიაკოვსკის ქუჩაზე მოქმედი ავტოსადგური ერთ-ერთი უკიდურესად ამორტიზებულია რეგიონში. ავარიულ შენობას, ანტისანიტარია და უსახური გარემოც ემატება. მდგომარეობა მინიმალური სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ხშირად კეთდება განცხადებები, რომ სახელმწიფოს ჩართულობით რეალობა ქვეყნის მასშტაბით აღმოიფხვრება. რამდენიმე დღის წინ, პრობლემაზე ღიად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა, მფლობელებს გონივრულ ვადას მისცემს,  რათა მდგომარეობა გამოასწორონ. ამის მოლოდინი მგზავრებს მაინც არ აქვთ, რადგან დაპირებები ადრეც არაერთხელ გაუციათ. როგორ გამოიყურება ქალაქის მთავარი ავტოსადგური, საიდანაც ადგილობრივი და საქალაქთაშორისო გადაყვანები ხორციელდება და სადაც უმარავი ქართველი და უცხოელი მგზავრი იყრის თავს.

ბათუმის ავტოსადგურის სახურავზე, ისეთი მდგომარეობაა, ბალახი მართლაც იზრდება. ადგილზე, სადაც დღის განმავლობაში, ქვეყნის, თითქმის, ყველა მიმართულებით მიმავალი მოგზაური იყრის თავს მდგომარეობა კატასტროფულია. ავტობუსების გასაჩერებელი ტერიტორია ხავს მოდებულია, შენობიდან წვიმა ჩამოდის და იტბორება.

ავტოსადგურები ტურისტული ქალაქების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბათუმის ავტოსადგურის  ინფრასტრუქტურა წლებია არ განახლებულა. ქალაქის შემოსასვლელში არსებული სადგურის შენობა, ასევე, მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია – მგზავრებს გადაადგილება არაჰიგიენურ გარემოში უწევთ.

ბათუმის ავტოსადგურს, სატრანზიტოს გარდა, სავაჭრო დანიშნულებაც აქვს. აქ არსებული სავაჭრო ობიექტები, არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

„ბათუმის სადგურის“ განახლება წლებია აქტუალური საკითხია. აქციონერების თქმით, შენობის მოწესრიგების საკითხი დღისწესრიგშია. ასლან გვარიშვილის თქმით, პრემიერის ბრძანება, რომ ქვეყნის მასშტაბით, ავტოსადგურები ევროპულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, შესრულებული იქნება. აღსანიშნავია, რომ სადგურის აქციების 30 %-ის წილის მფლობელი, აჭარის ეკონომიკის სამინისტროა. მიიღებს თუ არა მის განახლება-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას უწყება? გვარიშვილის თქმით, სამინისტროსთან, ამ საკითხზე მოლოპარაკებები არ შემდგარა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ავტოსადგურის რეკონსტრუქცია, გაფართოვება და გათანამედროვება, აუცილებელია.

ყველასთვის ცნობილია, რომ მოძველებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად, ქალაქის შემოსასვლელში მდგარი, საბჭოთა დროინდელი შენობა, კვლავ, ხელუხლებლი დგას. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გასცა ბრძანება, ქვეყნის მასშტაბით, მოწესრიგდეს ავტოსადგრები და ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდეს, ბათუმის სადგურში, ამ მიმართულებით, სამუშაოები არ დაწყებულა. საკითხზე არც მერია და არც ეკონომიკის სამინისტრო რეაგირებს. გამოდის, რომ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის მდგომარეობა, კვლავ, კერძო მფლობელების კეთილსინდისიერების იმედადაა.

მეტის ნახვა