ახალი ამბები • 1763483982
ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები ცოცხალ რიგში დგანან
ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შეფერხებით მუშაობს. კონტეინერების გახსნას დიდი დრო სჭირდება, მოქალაქეებს კი, ცოცხალ რიგში დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ. ავტომობილის გაყვანის მოლოდინში მყოფები ფინანსურ ზარალზეც საუბრობენ, რადგან ტვირთი დათქმულ ვადაში არ იხსნება. რთულ მდგომარეობაში არიან ავტოიმპორტიორებიც.
მოქალაქეები, ყოველდღიურად, ერთი მეორის მიყოლებით, ფულად ჯარიმებს იღებენ. არა იმიტომ, რომ თავად არღვევენ კანონს, არამედ იმიტომ, რომ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში, კონტეინერების გახსნა შეფერხებით მიმდინარეობს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ავტომობილები დათქმულ ვადაში ვერ გამოჰყავთ და იმის გამო, რომ მანქანები უკან არ დაბრუნდეს, ფულს მოქალაქეები, თავად, ხარჯავენ.
საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე ცოცხალი რიგი დილიდან იწყება და მოქალაქეებს აქ დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ. მიზეზებს, თუ რატომ მუშაობს კონტეინერების გახსნა შეფერხებით მათ არავინ უხსნის. უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ.
საკონტეინერო ტერმინალში ხარვეზები, თითქმის, ერთი თვის წინ შეიქმნა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადრე, ერთ დღეში, 400-მდე კონტეინერი უპრობლემოდ იხსნებოდა, შესაბამისად, პრობლემაც არავის ექმნებოდა. ფიქრობენ, რომ არსებული სურათი ერთდროულად ბევრი მანქანის ჩამოყვანამ შექმნა.
რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ავტოიმპორტიორებიც. ისინი პრობლემას ტვირთისთვის საჭირო ადგილის არ არსებობაში ხედავენ. ამბობენ, რომ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიას დაზიანებული მანქანები იკავებენ. "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი ფინანსურ ზარალზეც საუბრობს.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში არსებულ სურათს, ტვირთბრუნვის უეცარი ზრდით ხსნიან. წერილობით განმარტეს, რომ:
გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების ჩვეული მაღალი ხარისხის მიწოდება. ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას.
ბუნებრივია შემოსავლების სამსახურსაც დავუკავშირდით. აქ გვითხრეს, რომ ისინი შეუფერხებლად მუშაობენ და ამ შემთხვევაში, პრობლემა საკონტეინერო ტერმინალშია.
1756113571





















