ბათუმის საზაფხულო თეატრი კონდიცირების სისტემის გარეშე

აუტანელი სიცხე და უჰაერობა ბათუმის საზაფხულო თეატრში -რეაბილიტირებული ობიექტი, რომელზეც 500 ათასი ლარი დაიხარჯა და  2 წლის ზარზეიმით გაიხსნა, გაგრილების სისტემის გარეშეა. არადა შენობაში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. სპექტაკლებსა და კონცერტებს კი უამრავი ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თეატრს კონდიცირების სისტემასთან ერთად არც ფანჯრები აქვს. აქ ფაქტობრივად, ზაფხულში გაჩერება შეუძლებელია. რატომ არ გაითვალისწინა ბათუმის მერიამ რეაბილიტაციის დროს ეს საკითხი და იგეგმება თუ არა გაგრილების სისტემის დამონტაჟება? პასუხები ვერც დღეს მივიღეთ. სატელევიზიო კომენტარი არც მერიაში და არც ბათუმის კულტურის ცენტრში გაკეთდა. საზაფხულო თეატრის ხის უნიკალური შენობა  2013 წელს კი განახლდა. იგი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და 1200 მაყურებელს იტევს.

მეტის ნახვა