ბათუმში, დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებებით აღინიშნა

"თავისუფლების სიყვარულით"- ამ სლოგანით აღინიშნა, წელს, დამოუკიდებლობის დღე საქართველოში. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღისთვის საზეიმოდ მოეწყო ბათუმიც. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობები მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო  საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საბრძოლო სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

ანბანის კოშკის მიმდებარედ,  ბავშვებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი სივრცეებიც  მოეწყო. ადგილზე განლაგებული იყო სტენდები, სადაც, ადგილობრივ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი, წლის ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულს ზეიმობს, გასული წლისგან განსხვავებით, ქალაქში, სახელმწიფო შენობებზე ევროკავშირის დროშა არ გამოუფენიათ.  გამონაკლისი, მხოლოდ, აჭარის უმაღლესი საბჭო აღმოჩნდა.  მაშინ, როცა ქვეყანა,  წლის ბოლოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, დამოუკიდებლობის საზეიმო მორთულობებიდან, ევროპული სიმბოლიკა გაქრა.

აქტივობები, საღამოს გალა-კონცერტით სრულდება., რომელშიც  ადგილობრივი ანსამბლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

26 მაისისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ბათუმში, ქალაქის მერიასთან ერთად, ძალოვანმა უწყებამ დააორგანიზა.

მეტის ნახვა