ბათუმში, ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ - ბარამიძეების ოჯახის განცხადება

ბათუმში, ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. საუბარია "ბათუმის სამედიცინო ცენტრის" გინეკოლოგიური განყოფილების ექიმებზე, ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე.

ბარამიძეების ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ექიმებმა ფეხმძიმეს არასწორი პრეპარატი დაუნიშნეს, რამაც მისი ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია. შედეგად კი ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახი საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის გამოძიებასა და ექიმების დასჯას მოითხოვს.

ცხადია, ჩვენ დავუკავშირდით BMC-ის. კლინიკისგან მიღებულ საპასუხო კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"ბუნებრივია, აღნიშნული შემთხვევის შესახებ, ბრიფინგამდეც ცნობილი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრისთვის. მიუხედავად იმისა რომ, ახალშობილი გარდაიცვალა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება", - განმარტეს კლინიკაში.

მეტის ნახვა