ახალი ამბები • 1732284277
ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა - რა ხდებოდა ადგილზე?
დილიდან ხმაური იყო ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში. ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში 20-მდე ოჯახი უკანონოდ შეიჭრა. ისინი ამ დრომდე ობიექტში რჩებიან. ადგილზე უსახლკაროები, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები თვითნებურად შესახლდნენ. ისინი სტატუსის აღიარებასა და დახმარებას თვეების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. ამ დრომდე ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
საბოლოოდ ვერც წყალი და ვერც საკვები მიიღეს. პოლიციელებითა და სამხედროებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, მოქალაქეების მდგომარეობის გადასამოწმებლად, არც ოპოზიციის წევრს და არც ადვოკატს უშვებდნენ. ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკანონოდ შეჭრილები დახმარებას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. ვინც შიგნით იყო და გარეთ საკუთარი ნებით გამოდიოდა, უკან დაბრუნების საშუალებას აღარ აძლევდნენ.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკანონოდ შეჭრილების წინააღმდეგ ე.წ ბარცხანაში მცხოვრებლები გამოვიდნენ. აცხადებდნენ, რომ ეს ობიექტის მითვისების პირველი მცდელობა არ ყოფილა და მსგავს შემთხვევებს ადგილი აქამდეც ჰქონია. ე.წ. ბარცხანაში მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან იქ შესახლებულებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით დაატოვებინებენ.
ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში, სოციალურად დაუცველები, გვიან ღამით შეიჭრნენ. თვითნებურად შესახლებულები ობიექტის დატოვებას იქამდე არ გეგმავენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შესახლებული ის ადამიანები არიან, რომლებიც თვეების განმავლობაში აქციებს მერიასთან მართავდნენ. უსახლკაროები, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები, სტატუსის აღიარებასა და დახმარებას ითხოვენ.
თვითნებურად შესახლებულებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. რამაზ ჯინჭარაძემ მათ ერთჯერადად, 500 ლარიანი დახმარება და პროგრამებში ჩართვა შესთავაზა, რაზეც უკანონოდ შეჭრილებისგან უარი მიიღო.
შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. გეგმავს თუ არა ხელისუფლება ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკანონოდ შეჭრილების ძალით გამოსახლებას? ჩვენთვის უცნობი დარჩა.ძალოვან უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთდა.
1727447820