ახალი ამბები • 1733750807
ბსუ-ს ლექტორ-მასწავლებელთა ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს
კობახიძის ანტიდასავლური განცხადება გააპროტესტა ბსუ-ს ლექტორ-მასწავლებელთა ნაწილმა. აცხადებენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი და მის მიერ დამტკიცებული მთავრობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს. ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება კონსტიტუციის 87-ე მუხლის დარღვევაა. ისინი მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, დეკანებსა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.
"გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოაცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.
ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ვასწავლოთ უნივერსიტეტში. ამგვარი განვითარების გამო, საფრთხე ემუქრება სასწავლო პროცესს, ყველა ჩვენს გაცვლით პროგრამას, კვლევების მხარდაჭერას და საერთოდ უნივერსიტეტის არსებობას.
ამიტომაც, ვაცხადებ პროტესტს და მიგვაჩნია, რომ ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა!
მოვუწოდებთ ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოუერთდნენ ამ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი!
ეს არის ბრძოლა ყველა ჩვენთაგანის საერთო მომავლის დაცვისთვის!
მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რექტორს, აკადემიურ საბჭოს, ყველა დეკანს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გააკეთონ მკაფიო განცხადება და გააპროტესტონ მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის და ყველა სახის ევროპული მხარდაჭერის გაუქმების შესახებ"-წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში
1728455482
1727447820