ძველი ბათუმი საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების გარეშეა - რას აპირებს მერია?

ძველი ბათუმი საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების გარეშე. ქალაქის ამ ადმინისტრაციულ უბანს თუ ესტუმრებით, დარწმუნდებით, რომ თვითმმართველობას, ბავშვების გართობისა და განვითარებისთვის არ უფიქრია. ყველაზე ძველ უბანში ვერ შეხვდებით  ინფრასტრუქტურას პატარებისა და მოზარდებისთვის. რაც ყველაზე ცუდია, ბათუმის მერიას არ აქვს პასუხი, მუშაობენ თუ არა, ან შედიას თუ არა მათ გეგმაში სპორტული და გასართობი სივრცეების მოწყობა ქალაქის ამ ნაწილში.

ეს ძველი ბათუმია. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, რომელსაც თუ დაუყვებით, შენიშნავთ, რომ ქალაქის თვითმმართველობას ამ უბნის ბავშვებზე საერთოდ არ უფიქრია. ქუჩის დასაწყისში მხოლოდ ერთი, ისიც პატარა სივრცეა პატარებისთვის. მოზარდებისთვის, მერიამ, წლების წინ,  მხოლოდ, ეს ერთი ატრაქციონი დაამონტაჟა. ამ ტერიტორიიდან არც თუ ისე შორს მდებარე პარკში, კიდევ ერთ, გასართობ კონსტრუქციას შეხვდებით. ჩვენს გადამღებ ჯგუფს ესეც ცარიელი დახვდა.

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისგან განსხვავებით, არ გაუმართლათ ძველი ბათუმის სხვა უბნებში მცხოვრებლებს. TV25-მა მიმდებარე ტერიტორიაზე ვერც ერთი სპორტული მოედანი და გასართობი ატრაქციონი იპოვა. ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, რომ თვითმმართველი უწყება  საკითხის გადაჭრაზე დროულად უნდა დაფიქრდეს.

ეს ატრაქციონი ძველ ბათუმში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უბანში, გასართობი სივრცეების სიმცირის გამო, ტერიტორიას სხვა ქუჩებიდან სტუმრობენ. პრობლემაზე საუბრობს ახალგაზრდების ნაწილი. მათი თქმით, ატრაქციონების და სპორტული მოედნების არქონის გამო ბავშვები ტელეფონზე დამოკიდებულები ხდებიან.

ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის მოწყობის ინიციატივა აქვს ბათუმის საკრებულოს დეპუტატს პარტიიდან „საქართველოსთვის“. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამ მიზნით, თვითმმართველობამ, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია უნდა გამოიყენოს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, გასულ წელს გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, თვითმმართველ უწყებას საკითხზე რეაგირება, ამ დრომდე, არ მოუხდენია.

რატომ არ ფიქრობს ბათუმის მერია ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ბავშვებზე ან  გეგმავს თუ არა თვითმმართველი ორგანო ტერიტორიაზე ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების დამატებას? ჩვენი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. პასუხისმგებელ უწყებაში, დაპირების მიუხედავად, სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

მეტის ნახვა