ახალი ამბები • 1735205311
ელისაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ელისაშვილი ნაცემია და შესაძლოა ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდეს
ალეკო ელისაშვილს სახის და ზურგის არეში დაზიანებები აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
ადვოკატის თქმითვე, ელისაშვილი ნაცემია და შესაძლოა ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდეს. ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
„გუშინ ღამით მოვინახულე ალეკო. დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას და რენტგენსაც გადაუღებენ და ვნახავთ მის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი. გუშინ გვიანი იყო, არ მოხდა გადაყვანა და იმედია, რომ დღეს მოხდება მინიმუმ შემოწმება და დადგენა იმისი, თუ რეალურად არის თუ რა მაგალითად, ნეკნი მოტეხილი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებო. სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები. ეს უკვე ცემის მანიშნებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. [IPN]
ალეკო ელისაშვილი პოლიციამ გუშინ, „ქორთიად მარიოტთან“ დააკავა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს [ალი ბაბაევი] თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს." - ამბობს შსს.
1734621676
1728455482
1727447820