ახალი ამბები • 1685519059
ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობით საქართველო ქვეყნების ათეულში შევიდა

ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი განცხადებების რაოდენობით, საქართველო ქვეყნების ათეულში შევიდა და მე-11 ადგილიდან მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
"ნოვოსტი-ჯორჯია" ევროსტატზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს, ევროკავშირს დროებითი თავშესაფრის პირველადი მოთხოვნით 25 935-მა ქართველმა მიმართა. ეს ორჯერ, 108 პროცენტით მეტია, 2021 წლის მონაცემზე.
სტატისტიკის მიხედვით, ამ მოთხოვნით საქართველო მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს უსწრებს.
2021 წელს განცხადებების მთლიანი რაოდენობით (თავდაპირველი და შემდგომი) საქართველო მე-10 ადგილზე იყო (14 660 განაცხადი), 2022 წელს კი მე-9 ადგილზე (28 385 განაცხადი) გადავიდა.
წინა რეკორდი 2019 წელს დაფიქსირდა პანდემიამდე, როდესაც საქართველოდან 22 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა ევროკავშირში თავშესაფარი ეთხოვა.
საერთო ჯამში, 2022 წელს ევროკავშირს თავშესაფარი პირველად 881 200-მა ადამიანმა სთხოვა. ეს არის მატება 2021 წელთან შედარებით, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე 2015 და 2016 წლებში, როდესაც მაჩვენებელმა მილიონს მიაღწია.

1683875927