გონიო მგზავრები 4-ის მესაკუთრეთა კავშირი შპს მგზავრების წინააღმდეგ

„გონიო მგზავრები 4“-ის მესაკუთრეთა კავშირი შპს „მგზავრების“ მისამართით სამართლებრივ დავას აპირებს. აპარტამენტების მესაკუთრეები ამბობენ, რომ ეზღუდებათ საკუთრების სარგებლობით უფლება. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი, რის გამოც ვერც საცხოვრებლად შედიან და ვერც ქონებას აქირავებენ. სურთ ინდივიდუალური გამრიცხველიანება, თუმცა კომპანია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

აპარტამენტი - გონიო მგზავრები 4-ი სტუმრების მისაღებად 1 ივლისისთვის მზად უნდა იყოს, თუმცა რეალობა ასეთია - ბინების მესაკუთრეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ამბობენ, რომ მრიცხველი საერთოა, კომპანია კი არარსებული დავალიანების გადახდას სთხოვს. მათ შორის იმ გახარჯული კილოვატებისთვისაც, რომლითაც რეალურად არ უსარგებლიათ და სასტუმროს ხარჯია.

ბინების მესაკუთრეები ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. განმარტავენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე, წლის განმავლობაში 10 დოლარის გადახდა ევალებათ, თუმცა რეალურად, ბევრად მეტი გაიღეს, საკუთარი სახსრებით არემონტეს ხარვეზებით აგებული კორპუსი, რომლის თანხაც კომუნალურ მომსახურებაში უნდა გაქვითულიყო. ასე არ მოხდა, ამიტომ აპარტამენტში, ბინების მესაკუთრეები საგრებლობის უფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. სემეკის დადგენილების მიუხედავად, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ვერ მიაღწიეს.

აპარტამენტში არსებული ინფრასტრუქტურა და სერვისი გაუმართავია. ამიტომ, სურთ მეტად პასუხისმგებლიანი მომსახურე კომპანია. ამბობენ, რომ არც კი იციან, ვისთან გააფორმა წელს ხელშეკრულება შპს „მგზავრებმა“.

კომპანია მგზავრების დამფუძნებელთან დასაკავშირებლად, მენეჯმენტის და დაცვის თანამშრომლებთან, საკმაოდ ბევრი უსიამოვნო მცდელობის შემდეგ დარეკეს და ტელეფონით გასაუბრების საშუალება მოგვცეს. დავით ცერცვაძე ამტკიცებს, რომ ათამდე ბინის მესაკუთრეს შუქის ფული ბოლო ორი წელია არ დაუფარავს, ამიტომაც, ხელშეკრულების შესაბამისად მოიქცა. რაც შეეხება ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, ეს „ელ ჯორჯია მიწოდებასთან“ უნდა შეათანხმონ. იგი ამტკიცებს, რომ მოსახლეობა იტყუება და ორი დღის წინ მათ უბრალოდ დალუქული მრიცხველების გახსნა სურდათ.

რაც შეეხება სამართლებრივ დავას, დავით ცერცვაძე ამბობს, რომ  შესაძლოა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს თავად მიმართოს.

2020 წლის აგვისტოში სასტუმრო გონიო მგზავრები 4-ში ხანძარი გაჩნდა. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ეს ელექტროგაყვანილობის მიზეზით მოხდა. გარდა ამისა, ობიექტს მრავლად აქვს დაზიანებები, რის გამოც შენობაში ცხოვრება სახიფათოა. მიუხედავად ყველაფრისა, ორივე მხარეს თავიანთი არგუმენტები და კონტრარგუმენტები აქვს.

მეტის ნახვა