იხვი "მოლისა" და მხატვარი მარიამის მეგობრობის ისტორია

იხვი მოლის ქალაქური ისტორია. იხვებზე შეყვარებული 27 წლის გოგო, ფრინველს  ქალაქის შუა გულში, კორპუსის მეხუთე სართულზე მფარველობს. უყვარს, ზრუნავს და აცხოვრებს ისე, როგორც ადამიანი. მარიამ თურმანიძეს, ფრინველის  სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს. იგი სამწევრიან ოჯახში მეოთხე სრულფასოვან წევრადაა მიჩნეული. იხვი „მოლისა“ და მხატვარი მარიამის მეგობრობის ისტორია ჩვენს რეპორტაჟში.

იხვი „მოლი“ სამი თვისაა. 27 წლის გოგო მასზე 2 თვეზე მეტია,  ზუსტად ისე ზრუნავს, როგორც დედა შვილზე. მარიამს შინაური ფრინველის სახლში მიყვანა, ცოცხალ არსებაზე მზრუნველობის სურვილმა გადააწყვეტინა.  ამბობს, რომ იხვის ყოლა, ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება, რომელსაც პატარა ისტორიაც ახლავს თან.

მარიამი მრავალბინიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობს. იმისთვის, რომ იხვს თავი კომფორტულად ეგრძნო, აივანზე შესაბამისი გარემო შეუქმნა. მოლის, მამასთან ერთად, პატარა სახლიც  შეუკერა. მცენარებიის მოყვარულმა დედამ კი, ფრინველს, მწვანე გარემო მოუწყო.

მარიამის ყოველი დილა, მოლისთან ჩახუტებით და მასზე მზრუნველობით იწყება. ჯერ ტერიტორიას ასუფთავებს, შემდეგ კი საყვარელ საკვებს უმზადებს. ყვება, რომ მოლი ძალიან დამჯერია. მოლი, პატრონებს, მუდმივად ახვედრებს რა სურს.

აქვთ გართობის სხვადასხვა ფორმაც. როცა ცუდი ამინდია სახლის პირობებში სახალისო ვიდეოებს იღებენ. მარიამს, თავიდან, საყვარელი ფრინველი დედალი ეგონა სახელიც შესაბამისი დაარქვა. გართობის ერთ-ერთი  საშუალებაც ლაკის წასმა იყო. ვინაიდან ზრდის პროცესში გაირკვა, რომ იხვი მამალია, ვიდეოებიც და გართობის რუტინაც, შეიცვალა. 

მარიამი გვიყვება, რომ ფრინველზე მოვლის გარდა აქვს სხვა ჰობიც. იგი მხატვარია. ხელოვნების ეს ნიჭი, გერმანიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა. როცა ხატვის მუზა მოსდის, იხვთან ერთად განმარტოვდება ხოლმე. მოლის კარგად ესმის, რომ პატრონს  საქმიანობაში ხელი არ უნდა  შეუშალოს და მარიამის გარშემო თავისთვის ერთობა.

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოლის გასეირნების დღეებიც გახშირდა. მარიამი ყვება, რომ ქუჩაში, იხვთან ერთად სიარული, მოქალაქეებს აოცებთ, ნაწილი მიმიკებით და გამომეტყველებით,  ნაწილი კი, გაკვირვებას ხმამაღლა გამოხატავს.

იხვი მოლი 3 წევრიან ოჯახში მეოთხე წევრადაა მიჩნეული. ფრინველების მოყვარულ გოგონას სურს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს და მაშინ როცა ქუჩაში მოლისთან ერთად გამოჩნდება გაკვირვებული სახეების ნაცვლად, სიხარულით და სიყვარულით  სავსე თვალები ნახოს.

მეტის ნახვა