კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია

პოლიციის ხაზი

ფოტო: გუგლიდან

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის განცხადებით, მკვლელობა გარდაცვლილი ქალის ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე ამ წუთას ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - განაცხადა ბაჩანა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგადაც თვითდაზიანებები მიიყენა.

მეტის ნახვა