ახალი ამბები • 1763483982
ხელისუფლება აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობაზე კანონის გამკაცრებას გეგმავს
"ქართული ოცნება" „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. აღნიშნული აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობაზე კანონის გამკაცრებას გულისხმობს.
ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ინიციირება დღეს იგეგმება და მას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან მის კონფისკაციას 15 დღემდე ვადით და ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან "ოცნების" დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
1756113571





















