ახალი ამბები • 1751273063
კიდევ ერთი ავარიული სახლში ბათუმში
როგორი გაგრძელება ექნება ფიზიკურ პირსა და ინვესტორს შორის ურთიერთობას, ამას მომდევნო დღეები აჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფის ადგილზე მისვლა და რეპორტაჟის მზადება ერთგვარი მედიაციის საფუძველი გახდა. ხმაურიანი დიალოგის შემდეგ, მხარეები, მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდნენ და ისე, რომ სასურველი შედეგი, ორივე მხარეს ეიმედება. ერთმანეთის პირისპირ, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 69-ში მცხოვრები ბერიძის ოჯახი და შპს „აჭარმშენი“ არიან. თუ რას მოყვა დაპირიოსპირება და რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, თამარ კიკნაძე გვიამბობს.
ეს ბარაკული ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, 69 ნომერში დგას. შენობას, ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ სიძველისგან ავარიულია, თუმცა, აქ მცხოვრები ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე მარტო ამ მიზეზით არ ემუქრება. მომიჯნავედ, ინვესტორმა მშენებლობა დაიწყო და როგორც დიასახლისი ამბობს, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, ბზარები მზარდი გახდა და შენობა უფრო და უფრო დეფორმირდება.
ამ კედლის უკან მცხოვრები ყველა სხვა ოჯახი, ინვესტორმა გაასახლა, ნაირა ბერიძესთან კი შეთანხმება ვერ მოხდა. როგორც თავად ამბობს, არც შეთავაზება მოეწონა და რაც ყველაზე მთავარია, ვერ მიიღო გარანტია, რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი გაუთვალისწინებელი ფაქტორები გაჩნდებოდა. მაგალითად, მშენებლობის ვერ დასრულდება და ქირასაც ვერ გადაუხდიან.
ეზოში დარჩენილმა ერთადერთმა ოჯახმა, რისკების შესახებ ცხადია ბათუმის მერიას აცნობა. უწყებაში დაპირდნენ მშენებლობის შეჩერებას იმ დრომდე, ვიდრე უსაფრთხო საცხოვრებლის გარანტიას არ მიიღებდა, თუმცა, არაფერი შეიცვალა. შედეგი არც სამართალდამცავების გამოძახებას მოჰყვა. ოჯხას, ტრაგედიის ეშინია.
ბათუმის მერია კომენტარს არ აკეთებს. ოჯახს სთხოვს, უწყებას წერილობით მიმართოს. ჰპირდებიან დაუყოვნებლივ რეაგირებას. თავის მართლების რეჟიმში გამოვიდა მშენებელიც. შპს „აჭარმშენის“ ხელმძღავნელობა, კამერებთან მხოლოდ პროტესტის გამოსახატად მოვიდა და მაშინ, როცა სამშენებლო მოედანთან, კადრების გადასაღებად მივედით. კომპანიის წარმომადგენლები აღშფოთდნენ იმით, რომ კერძო საკუთრებას ვიღებდით და ამის უფლება არ გვქონდა.
სატელევიზიო კომენტარზე ბატონი აკაკი არ დაგვთანხმდა. ოფისში, ზეპირი განმარტებებისთვის შეგვიპატიჟა, თუმცა მხლოდ იმას გვიმტკიცებდა, რომ კანონს არ არღვევდა. ირწმუნებოდა, რომ ზარალის ანაზღაურება კომპანიას მხოლოდ მაშინ ეკუთვნის, თუ კი შემთხვევა მოხდება და დადასტურდება, რომ ზიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგია. ამის დასტურად კი, ისევ, მერიის წერილი მოჰყავდა. არსად განხილულა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანის შედგები, მაგალითად ტრაგედია.
ვიდრე ამ და სხვა არგუმენტებს ვისმენდით, ოფისთან, მხარეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, თუმცა, საბოლოოდ, მოლაპარაკებისთვის განმარტოვდნენ. ორივე მხარე შესაძლებლობის გამოყენების პირობას დებს, თუმცა ფაქტია, რომ როცა სამშენებლო ნებართვა გაიცემოდა, მანამდე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არავის დაუდგენია, რა რისკები შეიძლება არსებობდეს სამუშოების წარმოებისას მშენებლობის ირგვლივ პერიმტრზე და ექმნება თუ არა სამუშაოებით საფრთხე სხვის სიცოცხლეს.

1750760310