ახალი ამბები • 1728566105
ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს "ოცნება" რეგიონებში განიხილავს - ოპოზიცია ფარულ მიზნებზე საუბრობს
კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაზეც „ქართული ოცნება“ გასულ წელს უარს ამბობდა, წელს კი გადაიფიქრა. ხელისუფლებამ პარლამენტში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. მმართველი გუნდის თქმით, თუ ოპოზიცია, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ნორმებს სხვადასხვა კანონში უმრავლესობით მაინც ასახავენ. „ოცნება“ საზოგადოებას არწმუნებს, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ახალი კანონის არ მიღების შემთხვევაში, ე.წ. ფსევდოლიბერალიზმს წაახალისებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მანიპულირებს და სინამდვილეში, ლგბტ თემის მიმართ გამყარებულ მავნე სტერეოტიპებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
„ქართულმა ოცნებამ“, პირობა, კიდევ ერთხელ დაარღვია. გასულ წელს ნათქვამი „არა“ გადათქვა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტი მხარდასაჭერად დააბრუნა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი, არატრადიციული ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას ემსახურება და იგი ადამიანის უფლებებს არ შელახავს.
კონსტიტუციური კანონპროექტი, რვა პუნქტისგან შედგება. თუ მას დაამტკიცებენ, აიკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება, ლგბტ თემს აეკრძალება შვილის აყვანა, იკრძალება სქესის შეცვლის ოპერაციები და სხვა. „ქართული ოცნება“ არც იმას გამორიცხავს, აიკრძალოს პრაიდი. ახლა, მამუკა მდინარაძე სხვაგვარად საუბრობს.
ოპოზიცია, სახელისუფლებო ძალის სხვა ჩანაფიქრზე საუბრობს. ამბობენ, რომ დღეს არავინ ეწევა ლგბტ თემის პროპაგანდას ისე, როგორც „ქართული ოცნება“, ამიტომ მას სხვა დღის წესრიგი და მიზნები აქვს, რომელიც ორ ამოცანას ემსახურება.
ხელისუფლება ამბობს, რომ ახალგაზრდები, მავნე პროპაგანდისგან უნდა დაიცვან. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს, დაცვა ბევრად უფრო მავნე და საზიანო ქმედებებისგან სჭირდებათ, მათ შორის ნარკომანიისა და სიღარიბისაგან, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევაზე ხელისუფლება არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, საარჩევნოდ, დივიდენტების მისაღებად და დასავლეთთან დასაშორებლად, „ქართულმა ოცნებამ“ კარგი გამოსავალი იპოვა.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ „ოცნება“ დემოკრატიისგან შორის დგას, ამიტომ, პარტიაში, წარდგენილი კანონპროექტის შინაარსსაც იწუნებენ და მიზნებსაც. ხელისუფლება ებრძვის არარსებულ მტრებს და ამით ცდილობს რეალური გამოწვევების გადაფარვას, აცხადებს თემურ დიასამიძე.
ფაქტი ერთია. ცნობიერების გაზრდის და მეტი ლოიალურობის განმტკიცების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ამწვავებს დამოკიდებულებას ლგბტ თემის მიმართ, ოპოზიციის ნაწილი, კი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ წარდგენილი კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ პარტია.
1728068947
1726854943
1726726009