"ოცნების ქალაქში" მცხოვრებთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა - რას ამბობენ "ენერგო პრო ჯორჯიაში"

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა. უკვე 10 დღეზე მეტია, ე.წ. მუყაოს ქალაქში მყოფებს სინათლე საერთოდ არ მიეწოდებათ. მოქალაქეებმა დახმარება ითხოვეს, თუმცა მათთვის ყურადება არავის მიუქცევია. თვითნებურად დასახლებულთა თქმით, რამდენიმე ადამიანმა დავალიანება არ დაფარა, რის გამოც უმრავლესობა იჩაგრება.

უკვე მეათე დღეა, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო, ისედაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, კიდევ უფრო ურთულდებათ. მათი თქმით, პრობლემამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

როგორც თვითნებურად დასახლებულები ამბობენ, პრობლემის მიზეზი ისაა, რომ აქ მცხოვრებთა ნაწილი, დავალიანებას არ ფარავს, რისი მიზეზითაც, სხვებიც იჩაგრებიან. პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ აგვარებენ და საკითხის აღმოფხვრაში არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმარებიან.

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები, ინდვიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირებას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ბედი არ ადარდებს, რის გამოც ცხოვრება არაადამიანურ პირობებში უწევთ.

თვითნებურად დასახლებულების მტკიცებით, საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მიმართეს „ენერგო პრო-ჯორჯიასაც“. საკუთარი სახსრებით, ახალი სადენებიც იყიდეს, თუმცა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს.

ბუნებრივია კითხვებით, ენერგოგამანაწილებელ კომპანიას მივმართეთ. აქ გვითხრეს, რომ აღნიშნულ მრიცხველზე დიდი ოდენობით დავალიანება ფიქსირდება, რაც 6000 ლარს შეადგენს. სიტყვიერად განმარტეს, რომ კომპანიამ მათ დავალიანების გადახდა არაერთხელ გადაუვადა, თუმცა, როგორც „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ ამბობენ, ამჯერად, ვიდრე დავალიანება მთლიანად არ დაიფარება, დასახლებაში სინათლის მიწოდება არ აღდგება.

მეტის ნახვა