ქუჩები დამისამართებისა და აბრების გარეშე

უმისამართო ქუჩები ბათუმში. პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მერიამ ვერ მოაგვარა. ქალაქის უბნებში ათობით ქუჩას ნახავთ,  რომელიც დამისამართებული არაა. ქაოტური მდგომარეობის გამო შესაძლოა დაიკარგოთ კიდეც. ყოველ წელს ქალაქის თვითმმართველობას ერთი და იგივე პასუხი აქვს, რომ საკითხის გადასაჭრელად სამსახურები აქტიურად მუშაობენ. „მაცნე“-ს გადამღები ჯგუფი დღეს, იმ მისამართებზე იმყოფებოდა სადაც ორი წლის წინ ვითარება ანალოგიური იყო.

ეს ინტერვიუ 2021 წლით თარიღდება. მაშინ ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი გვიმტკიცებდა, რომ წლის ბოლოს ბათუმში, დამისამართებების პრობლემა აღმოიფხვრებოდა და ამისთვის შესაბამისი თანხები უკვე გამოყოფილი იყო.

ჯაბა ბერიძის დაპირების მიუხედავად, სურათი ორი წლის შემდეგაც უცვლელია. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივები ისევ იგივე პრობლემის წინაშე არიან. მრავალი მიზეზის გამო კი, ასე ცხოვრება ურთულდებათ.

ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეები, ტაქსის გამოძახების პრობლემას ასახელებენ. მძღოლებს ზუსტ ადგილმდებარეობას ვერ უხსნიან, რის გამო, დარსა თუ ავდარში ტაქსის ძებნა თავად უწევთ.

თუკი არ გაგიმართლათ და ქუჩის შუა ნაწილში აღმოჩნდით, შესაძლოა დაიკარგოთ კიდეც, რადგან ხშირ შემთხვევაში აბრები მხოლოდ დასაწყისშია. არსებული ქაოსის გამო მუშაობა ურთულდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებსაც.

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში პრობლემას კარგად იცნობენ. აქ წერილობით განმარტეს, რომ:

ქალაქის მასშტაბით, 2020 წლის ივნისიდან დღემდე 6000-მდე ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრა დამზადდა და არაერთ მისამართზე გაიკრა.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქში წლის ბოლომდე,  კიდევ 3000 აბრის განთავსება იგეგმება.

მეტის ნახვა