რა არის მაიმუნის ყვავილი, როგორ ვრცელდება და როგორია სიმპტომები?

მაიმუნის ყვავილი

Monkeypox ანუ „მაიმუნის ყვავილი“ იშვიათი დაავადებაა, რომელიც მაიმუნის ვირუსითაა გამოწვეული. პირველი შემთხვევა ადამიანებში დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს და მას შემდეგ დაავადება რამდენიმე სხვა ქვეყანაში გავრცელდა, ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში.

ინფექცია ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიცაა.

საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის, პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე. გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

ინფექცია, ძირითადად, თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტის გზით. ვირუსი სხეულში შეიძლება შევიდეს დაზიანებული კანიდან, სასუნთქი გზებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან ან პირიდან.

სქესობრივი გზით გადადების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის, მაგრამ ამ დროს ის შეიძლება გავრცელდეს ორ ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

ვირუსი ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად, მაიმუნებთან, ვირთხებთან და ციყვებთან კონტაქტის გზით, ისევე როგორც ვირუსით დაბინძურებულ ობიექტებთან, მათ შორის, საწოლთან ან ტანსაცმელთან კონტაქტის გზით.

არ არსებობს მაიმუნის ყვავილის სამკურნალო საშუალება, მაგრამ გავრცელებათა კონტროლი შესაძლებელია ინფექციის პრევენციით.

აღმოჩნდა, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ 85 პროცენტით ეფექტიანია. ყვავილის ვირუსი ამოძირკვულად 1980 წელს გამოცხადდა და, შესაბამისად, ამ დროისათვის მისი თავდაპირველი (პირველი თაობის) ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომლის ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთი ვაქცინის ათასობით დოზის შეკვეთას გეგმავს, რათა ის მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.

მეტის ნახვა