ახალი ამბები • 1732284277
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ბათუმში 25 დეკემბერს | ინფორმაცია
ბათუმში, საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სადღესასწაულო საღამოები, ძირითადად ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვისხესთან გაიმართება. 25 დეკემბერსვე აინთება ახალი წლის მთავარი ატრიბუტიც, რომელიც გალა კონცერტით დაგვირგვინდება. მოეწყობა ჯამბაზების წამოდგენა, ცეცხლოვანი შოუ, იმღერებენ „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“. საახალწლო ღონისძიებებში, მონაწილეთა ჰონორარებში, ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე დაიხარჯება.
„ღამის შოუს ბენდი“, „მგზავრები“, „რეგიონი“ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბენდებისა, რომელთა ხილვაც ბათუმელებს საახალწლო კონცერტებზე სურთ, თუმცა რამდენად მოვა თანხვედრაში მათი სურვილები რეალობასთან - არ იციან. ამის მიუხედავად, ბათუმელების ნაწილი ევროპის მოედანზე წასვლას მაინც აპირებს, ნაწილი კი - დასწრებას არ აპირებს.
ბათუმში, საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება. ორშაბათს საღამო, გალა კონცერტით გაიხსნება, რომელსაც ჯამბაზების წარმოდგენა და ცეცხლოვანი შოუ დაამშვენებს. მოქალაქეების სადღესასწაულო განწყობაზე , „რანინა“ და ბენდი „რეგიონი“ იზრუნებს. სამშაბათს მათ მუსიკალური ჯგუფი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“, „თავისუფალი სივრცე“ და „ლურჯი იალქანი“ ჩაანაცვლებს. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კონცერტებში მონაწილე მომღერლების 80 პროცენტი ადგილობრივი შემსრულებლები არიან.
26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მაყურებლის წინაშე აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, „ფორტე“, ხვიჩა მაღლაკელიძე, თემურ თათარაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ნინი ქარსელაძე, ნინი შერმადინი, რუსა მორჩილაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, მარიკა თხელიძე და სხვადასხვა ბენდი წარსდგება
მუსიკალური ნომრების გარდა, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ევროპის მოედანზე მისულები შეძლებენ ქართული სუფრის დაგემოვნებასაც. გაიმართება მსვლელობა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
საახალწლო ღონისძიებების მოწყობაზე ნახევარი მილიონის დახარჯვას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ბათუმის საკრებულოს წევრი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ თვითმმართველობამ ზეიმის პარალელურად, უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებზე უნდა იფიქროს.
კონცერტები ყოველდღიურად 19 საათზე დაიწყება და 24 საათამდე გაგრძელდება. 25 დეკემბერს 20 საათზე კი ევროპის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აენთება.
1727447820