რისთვის ჩამოდიან ჩინელები ბათუმში?

რა მიზნით შემოვიდა ათასობით ჩინელი ბათუმში და ეწევიან თუ არა ისინი არალეგალურ საქმიანობას? ეს კითხვა საზოგადოებას, უკვე, თვეებია აწუხებს, თუმცა ჩინელების მასობრივი ჩამოდინების შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ ჭორის დონეზე იცის. საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, მთავრობა ქალაქში ჩამოსახლებულ ათასობით+ ჩინელზე არ საუბრობს და მათ მხოლოდ „ტურისტების“ სახელით მოიხსენიებს. რადგან მმართველი გუნდი არ საუბრობს და  საკითხი გასაიდუმლოებულია, მეტი დეტალის გარკვევა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სცადა.

ე.წ ფიშინგი, ბიტკოინები, არალეგალური კაზინოები, კიბერლაბორატორიები - ჩინელების მასობრივ ჩამოდინებას ბათუმში სწორედ ამ საქმიანობას უკავშირებენ. თუმცა ეს ყველაფერი ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მხოლოდ, ჭორის დონეზე იცის და ჩვენგან განსხვავებით, გარკვევა არც კი უცდიათ. ახლა, ჩემს უკან მდებარე უზარმაზარ სასტუმროში, რომელიც თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია, ათასობით ჩინელი, სავარაუდოდ, კომპიუტერულ და სერვერულ ქსელებთან მუშაობს.

ინტურისტები, სქაი თაუერი, ლეგენდა, ვესთ რუმი - ეს და სხვა ათეულობით მდიდრული სასტუმრო ბოლო რამდენიმე თვეა, ქართველებისა და  უცხოელი დამსვენებლებისთვისაც დაკეტილია. აქ, ახლა, მხოლოდ ჩინელები ცხოვრობენ. ისინი, ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველაზე ძვირადღირებულ აპრტამენტებს, სახლებსა და სასტუმროებს, საბაზროზე ბევრად მაღალ ფასად ქირაობენ. მათ კი, გაძლიერებული დაცვა იცავს.

სასტუმროსთან მობილიზებული დაცვის სამსახური მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ შენობაში მცხოვრებ ჩინელებზე ინფორმაცია არ უნდა გასცეს. ამბობენ, რომ ფეშენებელურ ნომრებში მუშები ცხოვრობენ. თუმცა, სასტუმროებთან დაპარკინგებული ძვირადღირებული ავტომობილები სხვა რეალობას გვიჩვენებს. ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ გადმოდის ერთ-ერთი მათგანი 80 000 $ -იანი ავტომობილიდან. ფაქტია, რომ იგი უბრალოდ მუშა არაა.

ეს გალიფ ოზთურქია. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული, გაურკვეველი და 49-ჯერ დაჯარიმებული უკანონო მშენებლობის ავტორი. ახლა მის მიერვე აშენებული სასტუმროს აივანზე ეფიცხება მზეს. თურქი ბიზნესმენი, რომელიც, თურქული მედიის ინფორმაციით, საკუთარი ქვეყნიდან მძიმე დანაშაულისთვისაა დევნილი, ბათუმში, აურაცხელ ქონებას ფლობს. გავრცელებული ცნობებით, მას, პირადად, ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობს.

მეტროსითიში, რომელიც გალიფ ოზთურქის მფლობელობაშია, ერთ-ერთი უცხოელი დაზარალებულის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები არალეგალურ საქმიანობას ეწევიან. იგი, კერძოდ, თანხების თაღლითურად გამოძალვისა და კიბერ დანაშაულზე საუბრობს.

მე ვიცი სრული სქემა. ისინი ქმნიან ბირჟის ალტერნატივას და მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს სთავაზობენ ცრუ ინფორმაციას შემდეგი შეთავაზებით: „აიღეთ წილი ამ კომპანიაში და შემდეგ თქვენი მოგება გაორმაგდება“, ასევე იყენებენ ფეისბუკს და სხვა სოციალურ ქსელებს, რათა იპოვონ და მოატყუონ ისინი, ვინც ბირჟაზე თამაშობს. მათი ბრუნვა 1-3 მილიონი დოლარია. ამ ჯგუფში 30 ადამიანია.“

მიმდებარე ტერიტორიებზე, TV25-ის გამოჩენისთანავე დაცვის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნეოდა. თუმცა, ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა შენობაში ჩინეთის მოქალაქეებისთვის განთავსებული საგულდაგულოდ დაცული ოფისების გადაღება, მაინც მოახერხა.

ყაზახი დაზარალებულის მონათხრობს ადასტურებს, ბოლო დროს, ინტერნეტში გავრცელებული ჩინური სტატიები ბათუმზე და ასევე, არალეგალურ ბეთინგსა და მასთან დაკავშირებულ ფინანსებზე ჩატარებული კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ წასული ჩინელების მიერ შემუშავებულმა დანაშაულებრივმა სქემამ, ჩინეთი 154 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც 1 ტრილიონი ჩინური უანია.

ფაქტია, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, ათასობით ჩინელი, არც სარემონტო სამუშაოებისთვის ჩამოსულა და არც დასასვენებლად, თუმცა, ბათუმის მერი გვიმტკიცებს, რომ ისინი უბრალოდ ტურისტები არიან და მათში საეჭვო არაფერია.

ოპოზიცია ჩინელების მასობრივ ჩამოსახლებაზე და გოგოლის ქუჩაზე არსებულ უკანონო მშენებლობებზე ტელეკამერებთან, ჯერ კიდევ, არჩევნების პერიოდში საუბრობდა. მათი თქმით, ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერთანაა დაკავშირებული და არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეტალები საერთოდ, არც კი იცოდეს.

ასე და ამგვარად, ჩინელების ბურუსით მოცულ საქმიანობას მთავრობა საგულდაგულოდ მალავს. რატომაა თვითმმართველ ქალაქში მდებარე სასტუმროები, მხოლოდ, ჩინელებისთვის მისაწვდომი და რა საქმიანობას ეწევიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები რეგიონში? საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, ხელისუფლება ზღვისპირა ქალაქში ჩამოსახლებულ ათასობით ჩინელზე არ საუბრობს და მათ, მხოლოდ, „ტურისტების“ სახელით მოიხსენიებს. 

მეტის ნახვა