სავალალო ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ადლიაში

სამშენებლო ინდუსტრია ქალაქში, რომელიც საქმიანობის ზენიტშია და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. ადლიის დასახლებას მოწესრიგებული და გამართული არც სანიაღვრე ქსელი აქვს, არც საკანალიზაციო სისტემა და არც სასმელი წყალი. ფული იხარჯება, შედეგი კი არ დგება. ოპოზიცია თვითმმართველობის კორუფციულ მმართველობაზე საუბრობს.

ადლიის ადმინისტრაციული ერთეული, მშენებლობებით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილია. წლების წინ დაწყებული მშენებლობების ბუმი, აქ, უფრო და უფრო მზარდია. კორპუსები, კოტეჯები, სასტუმროები, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ამწე დგას. თითოეული დეველოპერის გათვლა ტურიზმის სექტორზე გადის. განაშენიანება აქტიურ ფაზაშია, თუმცა მასთან ერთად, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდება. მაგალითად, დასახლებაში, არც საკანალიზაციო სისტემაა და არც სასმელი წყალი.

ადლიის ქუჩებში, ვერც სანიაღვრე არხებს შეხვდებით. დასახლება მუდმივად იტბორება. რეალობა, არც წლიდან წლამდე იცვლება და არც არჩევნებიდან-არჩევნებამდე.

მიწისქვეშა კომუნიკაციის მოსაწყობად, გარკვეული სამუშაო ბათუმის მერიამ გასულ წელს შეასრულა. პროექტი ჩაიბარა კიდეც, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. სამუშაო იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, ქსელი არც სანიაღვრე წყალს ატარებს და არც საკანალიზაციო მასას. „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებასა და თვითმმართველობის კორუფციულ მმართველობაზე საუბრობს.

ადლიაში, ამორტიზებულია გზების ნაწილიც. რიგ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბათუმის მერიამ ადლიის ქუჩაზე წყლის მილების გასაყვანად ასფალტი გადათხარა. ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, დღეს აქ ისევ კუსტარულ ჭის ყალზე არიან დამოკიდებულნი, გადათხრილი ქუჩა კი კვლავ ასეთ მდგომარეობაშია.

სკვერი კეთილმოწყობილია, ირგვლივ  ტერიტორია კი უსახური და მტვრიანი. ადგილობრივები დახმარებას და კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში სატელევიზიო კომენტარი არც დღეს გააკეთეს.

მეტის ნახვა