სოფელ ერგეში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

სოფელ ერგეს მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის მოთხოვნით შეიკრიბა. ეს ხელვაჩაურის კიდევ ერთი დასახლებაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლებია არ მოძრაობს. ოჯახები საათების მანძილზე ქუჩაში იმის იმედით დგანან, რომ ქალაქში წასასვლელად სხვა მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით იმგზავრებენ. ადგილობრივებმა მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

სოფელ ერგეში მცხოვრებლების პროტესტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისმა რაოდენობამ გამოიწვია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ წლების მანძილზე, სამარშრუტო ტაქსების გარეშე გადაადგილდებიან. სამარშრუტო ხაზი, რომელიც მათ ემსახურებათ, დღეში მხოლოდ ორ წრეს აკეთებს. სწორედ ამიტომ, თუ კი მოქალაქეები ტრანსპორტით დილით 8 საათამდე ვერ ისარგებლებენ, დღის სხვა მონაკვეთში სოფლიდან გასვლა უჭირთ. ამ ყველაფერს სამარშრუტო ტაქსების გაუწერელი გრაფიკიც ემატება.

ადგილობრივების თქმით, ძირითადად, სხვა მუნიციპალიტეტის სამარშრუტო ტაქსებით ან ავტობუსებით მგზავრობენ. თუმცა, დაბრკოლებას ამ შემთხვევაშიც აწყდებიან - ტრანსპორტი რამდენიმე საათში ერთხელ მოძრაობს და ხშირად, მათთვის თავისუფალი ადგილები არაა.

მოსახლეობა ყურადღებას საბჭოთა დროინდელ მოსაცდელზეც ამახვილებს. უსახური შენობა, ფაქტობრივად, დაშლილია და ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ხელვაჩაურში მცხოვრებლებმა ტრანსპორტის დანიშვნისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, მერიას არაერთხელ მიმართეს. ადგილობრივებმა განცხადებებიც დაწერეს და მუნიციპალიტეტის მერსაც შეხვდნენ, თუმცა მდგომარეობა მაინც არ შეცვლილა.

თავად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის შეფასებით, პრობლემა ხელვაჩაურისთვის გლობალურია. ზაზა დიასამიძემ პირობა კიდევ ერთხელ დადო, რომ მომავალ წელს ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით დაინიშნება და ამისთვის, თანხები 2023 წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. მერი გვარწმუნებს იმაშიც, რომ ძველი სატრანსპორტო საშუალება ახლით ჩანაცვლდება და მოქალაქეები არსებულთან ერთად, კიდევ 12 მიმართულებით შეძლებენ  გადაადგილებას.

ზედა ერგეში, ტრანსპორტის გარეშე 70-მდე ოჯახია. ადგილობრივებს აქვთ ინიციატივა, რომ ვიდრე მათთვის ცალკე ხაზი დაინიშნება, ხელვაჩაურში მოძრავი 12 ნომერი ავტობუსის მარშრუტი გაიზარდოს და ბოლო გაჩერება მათ დასახლებაში იყოს. ცნობისთვის, აღნიშნული მუნიციპალური ტრანსპორტი, ამ ეტაპზე, მახოს ხიდის მიმდებარედ, ერგემდე 4 კილომეტრის მოშორებით ჩერდება.

მეტის ნახვა