ახალი ამბები • 1728566105
სოფელი კაპნისთავი ნარკომანიის წინააღმდეგ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ. სოფელ კაპნისთავში მცხოვრებლები სამართალდამცავებსა და ხელისუფლებას სთხოვენ, მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ დანაშაული, რომლის მასშტაბიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ადგილობრივთა თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, სოფელში განსაკუთრებით მომრავლდნენ ნარკოდილერები და ე.წ. შემძენები, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას დაუფარავად, მოზარდების თვალწინ ეწევიან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კაპნისთავი, ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური სოფელია, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ადამიანთა კატეგორია, რომელიც, აქაურობას ბოლო დროს, განსაკუთრებული სიხშირით სტუმრობს, აქამდე არასოდეს უნახავთ. ეს არასასურველი სტუმრები ნარკორეალიზატორები და მომხმარებლები არიან. ადგილობრივები აღშფოთებულები არიან და ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს, სოფლის ყველა კუთხეში დებენ, რომელსაც მსურველები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეძებენ, ეს ყველაფერი კი ბავშვების და მოზარდების თვალწინ ხდება, რაც კიდევ უფრო აშინებთ. სოფელში არც ის მოსწონთ, რომ ამას უცხოელი ვიზიტორებიც ხედავენ.
გზა, რომელიც ცენტრალური მონაკვეთიდან სოფელ კაპნისთავის ცენტრამდე მიდის, გრძელი და დაუსახლებელია. ეს მოსახლეობისთვის დამატებითი საფრთხეა, რადგან, მონაკვეთს, ყოველდღე, ფეხით გადიან სკოლის მოსწავლეები, გზის განაპირას კი ყველა ბოძის ქვეშ შეხვდებით კვალს, სადაც ნარკოტიკი იყო დამალული. ხშირად აწყდებიან თავად დამალვის ან მისი აღების ფაქტებს.
სოფელ კაპნისთავში მცხოვრებლები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ სამართალდამცავებს ატყობინებენ, თუმცა პოლიცია მათზე ეფექტურად ვერ რეაგირებს. მოსახლეობა, ზომების მიღებას ხელისუფლებას სთხოვს.
პროტესტს საჯაროდ გამოხატავენ, რადგან რეალობის შეცვლა სურთ, თუმცა შედეგების მაინც არ ეიმედებათ. ფიქრობენ, რომ ნარკომანიას, სახელმწიფო სრული სიმკაცრით არ ებრძვის. ამბობენ, რომ თუ ნარკოდამნაშავეები სოფელში სიარულს არ შეწყვეტენ და სახელმწიფო მათ უმკაცრესად არ დასჯის, შვილების გადარჩენისთვის, მასშტაბურ და პერმანენტულ გამოსვლებს დაიწყებენ.
1728068947
1726854943
1726726009