სოციალურ სასადილოში დაწყებული სიყვარულის ისტორია - მარის და იურის მძიმე ყოველდღიურობა

სოციალურ სასადილოში დაწყებული ურთიერთობა, რომელიც ქორწინებით დასრულდა. მარისა და იურის, მძიმე ყოველდღიურობას, უკვე 5 წელია, ერთმანეთის სიყვარული უმსუბუქებთ. ერთ პატარა ვაგონში გათენებული ყოველი დღე კარგი მომავლისა და საკუთარი სახლის აშენების იმედებითაა სავსე. მარტოხელა წყვილის ერთადერთი შემოსავალი 100 ლარიანი სოციალური დახმარებაა. მიუხედავად სიდუხჭირისა, ერთმანეთის გახარებას მუდმივად ცდილობენ და მცირედი საჩუქრებით კარგ მოგონებებს აგროვებენ. პრობლემებითა და ოცნებებით სავსე ცოლ-ქმრის ისტორიაზე თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

იურიმ მეუღლის გასახარებლად, დანაზოგი თანხის, ბოლო თეთრები,  საჩუქრებში დახარჯა. უკიდურესად გაჭირვებული წყვილი, გაუსაძლისი პირობების მიუხედავად ერთმანეთის გაბედნიერებას მუდმივად ახერხებს. ამბობენ, რომ ყოველდღიური მძიმე ყოფა, სწორედ,  ერთმანეთის სიყვარულით გადააქვთ.

მარი და იური, ამ ვაგონში, რამდენიმე თვის წინ დასახლდნენ. რამდენიმე კვადრატულ თავშესაფარში, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც არ გააჩნიათ. გაუსაძლის პირობებს, კიდევ უფრო, სველი წერტილების არ არსებობა ართულებს. ამის გამო, ძირითადად, ტყეში სიარული ან სულაც ზღვაზე, ღია ცის ქვეშ უწევთ ბანაობა.

მარტოხელა წყვილის ისტორია 5 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თავსესაფარში გაიცნეს. აქამდე მოსვლამდე გრძელი გზა გაიარეს. თანაცხოვრება  ქსოვილის კარავში დაიწყეს, შემდეგ ტენტისგან ფარდული მოაწყვეს. საცხოვრებელ ტერიტორიას ზღვის სიყვარულის გამო, მუდმივად სანაპიროსთან არჩევენ. მიტოვებულ ვაგონში, არც ელექტროენერგია აქვთ. ოცნებობენ, ბუნებაში, მშვიდ გარემოში, პატარა საცხოვრებელზე.

მარტოხელა წყვილს, ერთადერთი შემოსავალი 100 ლარიანი ჯანმრთელობის პენსია აქვს. იმის გამო, რომ თანხა საკვებისთვისაც არ ჰყოფნით, სურსათს, სოციალური სასადილოებიდან ეზიდებიან. ამბობენ, რომ  საკვებით, ხშირად,  ახლოს მდებარე ეკლესიაში მოღვაწე მამაოებიც ამარაგებენ.

ნივთები, რომელსაც კადრში ხედავთ, სანაგვე ურნაში იპოვეს. გასათბობად, შეშას ტყიდან იმარაგებენ. რთული ყოფითი პრობლემების მიუხედავად, ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ცხოვრება არ უჭირთ. პირობებს შეგუებულები, ყოველდღიურ, გაუსაძლის სიდუხჭირეს, ერთმანეთს, მუდმივად უმსუბუქებენ. ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით ხელისუფლებას აღარ მიმართავენ. მიზეზად იმედგაცრუებასა და  უყურადღებობით დაღლას ასახელებენ.

წყვილს განსაკუთრებით უყვართ ცხოველები. ჰყავთ კატა და ძაღლი. საკუთარ მცირე ლუკმას, მეგობარ ცხოველებს უყოფენ და მშიერს არასდროს ტოვებენ.

მარტოხელა წყვილს, ეს რადიო, მეგობარმა მოუტანა. ელექტროენერგიისა და ტელევიზორის გარეშე მყოფებს, ბატარიის მოწყობილობა  ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. განწყობის გამოსასწორებლად,  მუსიკას უსმენენ და ასე გადის დღეები. განსაკუთრებულად უყვართ სტუმრები. უპოვარი წყვილისთვის დახმარების ხელის გაწოდებას მსურველებს, მათი ნახვა, მახინჯაურში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ. 

მეტის ნახვა