ახალი ამბები • 1701337917
თუ ქირას არ გადაიხდით, აღსრულება სასამართლოს გარეშე გამოგასახლებთ - რას გულისხმობს ცვლილებები?
შემთხვევები, როცა გამქირავებელი, ქირის გადაუხდელობის გამო ვერ ასახლებს დამქირავებელს ბინიდან, საკმაოდ ხშირია. ასეთი ისტორიები, განსაკუთრებით მრავლად მაშინ დაგროვდა, როცა რუსეთ-უკრაინის ომს გამოქცეულებმა, გასამმაგებულ გაფასად დაიქირავეს უძრავი ქონება, შემდეგ კი ვეღარ ან აღარ გადაიხადეს და აღარც საცხოვრებლები დათმეს დავების გარეშე. იმისთვის, რომ უძრავი ქონების მეპატრონის ინტერესები არ დაირღვას, იუსტიციის მინისტრს ინიციატივა აქვს და აპირებს კანონპროექტის სახით, განსახილველად პარლამენტს წარუდგინოს. რას გულისხმობს დოკუმენტი და როგორ აფასებენ იურისტები მინისტრის წინადადებას, ვნახოთ სიუჟეტი.
სასამართლოებში, უამრავ ისეთ სამოქალაქო კატეგორიის დავას შეხვდებით, როცა უძრავი ქონების მეპატრონე, დამქირავებელს ქირის გადაუხდელობის გამო ბინის დაცლას სამართლებრივი დავის გზით სთხოვს. სასამართლომდე საქმე ძირითადად იმ მიზეზით მიდის, რომ დამქირავებელი გადახდისუუნარო ხდება, სხვაგან წასასვლელი არ აქვს და ბინიდან აღარ გადის. ანუ, ირღვევა ბინის მფლობელის საკუთრების უფლება. სწორედ ამიტომ, იუსტიციის მინისტრი, გამოსახლების წესის ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს. თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს, მის გამოსახლებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს.
"ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. აი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?! ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც დაახლოებით შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია".
როდის წარადგენს რატი ბრეგაძე, კანონპროექტს პარლამენტში, არ დაუკონკრეტებია, თუმცა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებული განცხადების საფუძველზე, იურისტები მოსაზრებებზე უკვე საუბრობენ. ადვოკატები ამბობენ, რომ თუ სასამართლო არ იქნებოდა გადატვირთული და დავების განხილვას წლები არ დასჭირდებოდა, არც ცვლილებები გახდებოდა საჭირო, რადგან შესაძლოა პროცესი აღსრულების პოლიციასაც გაუჭიანურდეს, მით უფრო, რომ მხარეები ხელშეკრულების პირობებზე როგორც წესი ვერ თანხმდებიან და საბოლოოდ საქმე დავამდე მაინც ხშირად მიდის.
მსგავსი დავები, პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონია მირზა მამულაძესაც. ადვოკატი ამბობს, რომ ინიციატივა ცუდი არ არის, თუმცა კანონი, თანაბრად უნდა იცავდეს როგორც გამქირავებლის, ისე დამქირავებლის უფლებებს. სხვა შემთხვევაში, იურისტის თქმით, სხვა სამოქალაქო დავების წარმოშობის რისკი გაიზრდება და საქმე ისევ სასამართლომდე მივა.
პრობლემა ნამდვილად არსებობს. დღეს რთულია საცხოვრებლიდან გამოასახლო ადამიანი, რომელიც მეპატრონეს ქირას არ უხდის, სასამართლო დავები კი დროში იწელება და მესაკუთრის უფლებები ირღვევა, მეორეს მხრივ ქუჩაში რჩება ოჯახი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, თუმცა იუსტიციის მინისტრის ინიციატივა ბევრ მესაკუთრესაც არ მოსწონს. თუ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში გააფორმებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვალდებული იქნებიან, შემოსავლის პროცენტი გადაუხადოს სახელმწიფოსაც.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221