თვითნებურად ათვისებული საპარკინგე ადგილები ბათუმში

თვითნებურად ათვისებული პარკირების ადგილები, ბათუმში, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, ხშირად ნახავთ მონაკვეთებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი სურვილისამებრ აქვთ დაკავებული. ისედაც პრობლემურ საპარკინგე ადგილებს თვითდასაქმებულები კიდევ უფრო ამცირებენ. მაკონტროლებელი უწყება შექმნილი დაბრკოლებების მოგვარებას, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებითა და ჯარიმებით ცდილობს, რაც ფაქტია, არ მუშაობს. რა არგუმენტები აქვთ კანონდამრღვევ ბიზნესსუბიექტებს და რას აპირებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია? სალომე უსტალიშვილი არკვევდა.

თვითნებურად ათვისებულ საპარკინგე ადგილებს ბათუმში ხშირად შეხვდებით. ქალაქში, თითქმის ყველა კომერციულ ფართსა თუ მაღაზიასთან საყოფაცხოვრებო ნივთებს, ავეჯს და სხვადასხვა სახის რკინის კონსტრუქციებს ნახავთ. TV25-ის ჩართული კამერის წინ, კანონდამრღვევებმა თავის მართლება დაიწყეს და უკანონობა ასე ახსნეს:

ინტერვიუს ჩაწერიდან, „მაცნე“-ს კამერა ავეჯის მაღაზიასთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იდგა. სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ, ჩვენი იქ ყოფნა რამდენჯერმე გადაამოწმა, ბოლოს შენობიდან გამოვიდა და თვითნებურად მითვისებული საპარკინგე ადგილიდან სკამი თავად აიღო.

ხშირია შემთხვევები, როცა რკინის კონტრუქციებს საცხოვრებლების  წინაც შეხვდებით. ადგილობრივები ქალაქში გასულ მძღოლებს, ტერიტორიაზე ავტომობილების გაჩერების უფლებას საკუთარი კომფორტის გამო არ აძლევენ.

მელიქიშვილის, პუშკინისა და რურუას ქუჩების შემდეგ, მაიაკოვსკის ქუჩა გადავიღეთ. ვითარება აქაც უცვლელი დაგვხვდა. რამდენიმე ავტომობილისთვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილზე მცირე ბიზნესის წარმომადგენელს ტერიტორია მითვისებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულმა კანონდარღვევაზე გაფრთხილებაც და ჯარიმაც მიიღო, რეგულაციას ისევ, ჯიუტად არღვევს.

ამ ტერიტორიაზე კი, მაღაზიის მესაკუთრემ, რომელიც კანონს სხვების მსგავსად არღვევს, ჩართული კამერის წინ თქვა, რომ კომერციული ფართის მისი საკუთრება არაა. საბოლოოდ, რკინის კონსტრუქცია ადგილიდან გაიტანა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის ვალდებულებაც არსებული სიტუაციის კონტროლია, წერილობით გვითხრეს, რომ მსგავს ფაქტებს ყოველდღიურად აფიქსირებენ და კანონდამრღვევებსაც აჯარიმებენ. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ფულადი სანქცია 500-დან 2000 ლარამდეა, თუმცა ფაქტია, რომ თანხის მზარდი რაოდენობა მცირე მეწარმეებს არ აშინებს. თვითნებურად ათვისებული პარკირების ადგილები ქალაქში ყოველდღიურად იზრდება, მაკონტროლებელი უწყება კი ფაქტია, გამოსავლის გზებზე არ მუშაობს და არსებულ მოცემულობას ისევ უფუნქციო ჯარიმებით ებრძვის.

მეტის ნახვა