ახალი ამბები • 1732284277
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებლები ბათუმიდან - ვაშაკიძეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებლები ბათუმიდან, რომელთა მძიმე ყოფასაც, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც ემატება. ვაშაკიძეების ორ წევრიან ოჯახში ერთი დაუნის სინდრომითაა დაავადებული. მას სასწრაფო ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ესაჭიროება, რისი ფინანსური რესურსიც ოჯახს არ აქვს. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
იმედი ბევრჯერ გაუცრუვდათ. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფებს დახმარების ხელი არავინ გაუწოდა. ახლა, ეკატერინე ვაშაკიძე იმისთვის იბრძვის, რომ ერთადერთი ძმა გადაარჩინოს. ქალი, რომელსაც საკუთარი ჭერიც კი არ აქვს, გვიყვება, რომ მისი ძმა დაუნის სინდრომით დაიბადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკის მატებასთან ერთად მძიმდებოდა.
კაცს მუცლის თიაქარზე ოპერაცია, რამდენიმე წლის წინ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. ნაცვლად იმისა, რომ იმედას მდგომარეობა გამოსწორებულიყო, პირიქით, დამძიმდა. ეკატერინე ვაშაკიძე გვიყვება, რომ ახლა მისი ძმა, სასწრაფოდ საოპერაციო, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაშია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.
იმ იმედით, რომ ხელისუფლება ოჯახს დახმარების ხელს გაუწვდიდა და იმედა ვაშაკიძისთვის ოპერაციის ხარჯებს გამოყოფდა, აჭარის მთავრობასთან ყოველდღიურად პერმანენტულ აქციებს მართავდა. ადმინისტრაციულ შენობაში არავინ უშვებდათ და მათთან სასაუბროდაც არავინ გამოდიოდა. ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას იქამდე მოითხოვს, ვიდრე თორნიკე რიჟვაძისგან დახმარებას არ მიიღებს.
დაეხმარება თუ არა ხელისუფლება ოჯახს და დაუფინანსებს თუ არა ოპერაციისა და გამგზავრების ხარჯებს ვაშაკიძეებს? ბუნებრივია პასუხისმგებელ უწყებებს დავუკავშირდით, თუმცა სატელევიზიო კომენტარი ვერ მივიღეთ. აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ საკითხზე ინფორმირებულნი არიან, შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებულია და თანხა ოჯახს ანგარიშზე რამდენიმე დღეში აესახება.
1727447820