ახალი ამბები • 1733750807
უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით | "ქალთა მოძრაობა"
"ქალთა მოძრაობა" პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. მათი განცხადებით, უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ "პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით" და არ დაუშვებენ კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას.
"ქალთა მოძრაობა" ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს, წარმოადგინონ ქალების გაძლიერების გეგმა.
განცხადება სრულად:
"1 აპრილს პარტიებმა “ქართულმა ოცნებამ” და „გირჩმა“ დაჩქარებული წესით დააინიცირეს პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტი და ამით ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მოჰყვა 14%-დან 20%-მდე. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ, ამიტომაც:
ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ვერთიანდებით ჩვენი უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან;
ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მტკიცედ დავდგებით ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად, რადგან ქალთა ყველა უფლება დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე;ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მოვითხოვთ მეტ ქალს პოლიტიკაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს მეტ ქალს პოლიტიკაში, რადგან ემიგრანტების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას სჭირდება სწორედ ქალების ხმა და ქალების ხედვა პოლიტიკაში;
ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა;
ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, არ დავუშვებთ ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას;
ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ამ უსამართლობას არ შევეგუებით და ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ ქალების გაძლიერების გეგმა - არჩევნების დღეს ჩვენ საკუთარი უფლებების დასაცავად მოვალთ საარჩევნო ყუთებთან! ჩვენ ამომრჩეველთა უმრავლესობას - 53% შევადგენთ და 2024 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!", - წერია განცხადებაში.
1728455482
1727447820