ახალი ამბები • 1732284277
ვინ არის გალიფ ოზთურქი და რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში? - ოზთურქის მოღვაწეობის ქრონოლოგია
თურქი ბიზნესმენის სახელი, ქალაქში თითქმის ყველამ იცის. იმის გამო, რომ მას საკუთარ ბიზინესში ბევრი ქართველი მოქალაქე ჰყავს დასაქმებული, საზოგადოებაში მისი სახელი არც თუ ისე აუგად მოიხსენიება. ოზთურქის ფოტომასალები, სოციალურ ქსელში მრავლადაა სადაც იგი საქმიან შეხვედრებს მართავს მთავრობის მაღალჩინოსნებთან. რა კავშირები აქვს თურქეთში ძებნილ ბიზნესმენს "ქართულ ოცნებასთან" და რატომ არ ჰქონდა ხელისუფლებას მის უკანონო ქმედებებზე მყისიერი და შესაბამისი რეაგირებები? რეალურად ვინ არის ოზთურქი და საიდან იწყება მისი ისტორია ჩვენს ქვეყანაში.
გალიფ ოზთურქი, ქართველმა საზოგადოებამ, რამდენიმე წლის წინ გახმაურებული სკანდალით გაიცნო. ამბავი, სუროგაციით გაჩენილ, ათობით ბავშვს ეხებოდა. ამ ეტაპზე, თურქ ბიზნესმენს, 31 შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფაქტს მრავალშვილიანობის სურვილით ხსნის, საზოგადოებაში, მაინც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება.
გალიფ ოზთურქმა, საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. მას, თურქული მედიის ცნობით, 2018 წელს, თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. იგი საქართველოში, სავარაუდოდ, სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.
ოზთურქი, ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი, ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიაა". 2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს, აჭარაში ფულის დაბანდება და სასტუმროს ბიზნესის დაწყება, სამთავრობო გავლენებმა გადააწყვეტინა. იგი, ხშირად, ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
თურქი ბიზნესმენი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში ძებნილია, საქართველოში, სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მის ანგარიშზეა, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საკითხი, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. გაურკვეველი ტიპის, ყაზარმული მშენებლობა, მერიის სამსახურების მხრიდან, არაერთხელ დაჯარიმდა, თუმცა სამუშაოები, დღემდე მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ოზთურქს, უკანონო საქმიანობის განხორციელებაში, აჭარის მთავრობა, ხელს არ უშლიდა. რაც იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ ქალაქში, უკანონობა ვერ ან არ აღკვეთეს. მმარტველი გუნდიდან, დღემდე არავინ საუბრობს, რისთვის შენდება ეს კორპუსები.
ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, 2016 წელს თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, 2020 წლის თებერვალში ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გალიფ ოზთურქმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “კამარას” აქციები შეიძინეს. ამის მერე კომპანიაში ცვლილებები დაიწყო და სახელიც შეიცვალა. კომპანიის აქციების 50 პროცენტი დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიას, შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებს”, 50 პროცენტი კი გალიფ ოზთურქის კომპანიას, სს “მეტრო ავრასია ჯორჯიას” ეკუთვნის.
ოზთურქს საქართველოში კიდევ სხვა მრავალი ბიზნესი აქვს. იგი ასევე აანონსებდა, ჩვენს ქვეყანაში, ბრინჯის წარმოების დაწყებას. სადაც, ინვესტიციის მოცულობა 12 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა, შეიძლება ეს რიცხვი გაიზარდილიყო. „მეტრო ჰოლდინგი“ არაერთ შვილობილ კომპანიასა და სააქციო საზოგადოებას ფლობს საქართველოში, მათ შორისაა, „მეტრო ატლას ჯორჯია“.
მიუხედავად იმისა, რომ გალიფ ოზთურქის მიმართ, თურქეთში, არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი, სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს, საქართველოში მას და მის ბიზნესს არაფერი დამუქრებია. იგი, ბათუმში, თურქ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს თავისუფლად მანსპინძლობდა. ბიზნესმენი, რომლის ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს, „ქართული ოცნების“ მთავრობის, თითქმის, ყველა პრემიერს მსხვილი დონაციით შეხვდა. ოზთურქი ქართული „ოცნების“ შემომწირველია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სოლიდარობის ფონდში, ოზთურქმა, ერთიანად, ნახევარი მილიონი ლარი ჩარიცხა. ჯამში კი, თითქმის, სამი მილიონი. რა შეიცვალა „ქართული ოცნების“ მთავრობისა და თურქი ბიზნესმენის ურთიერთობებში, რომელიც თურქეთში ძებნილადაა გამოცხადებული, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. საგამოძიებო უწყებები, ოფიციალურ განმარტებებს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
1727447820