ახალი ამბები • 1733997205
ვირტუალური დამსაქმებლები და დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებების გარეშე - ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში
უფლებების დასაცავად ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია ქვეყნის მასშტაბით. ტაქსის კომპანიების მძღოლები, უგულებელყოფილ უფლებებსა და რთულ სამუშაო პირობებზე საუბრობენ. მაღალი საკომისიო, დაბალი ტარიფები, შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა და დამსაქმებლები, რომლებიც ვირტუალურები არიან - ბოლტის, მაქსიმისა და იანდექსის მძღოლების აქციებმა სტარტი დღეს აიღო. დასაქმებულები აცხადებენ, რომ გაჩერებას, შედეგების მიღებამდე არ აპირებენ.
ონლაინ, აპლიკაციის გადმოწერით, ტაქსის მძღოლად მუშაობის შესაძლებლობას, უკვე წლებია, არაერთი კომპანია იძლევა. მათგან, რამდენიმე, განსაკუთრებით ცნობილი და პოპულარულია. შესაბამისად, ერთ ქალაქში, ასე ასობით დასაქმებული მძღოლია. დღეს მათი დიდი ნაწილი გაერთიანდა. გადაწყვიტეს, უფლებებისთვის იბრძოლონ. როგორც ამბობენ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელშეკრულებები ფაქტობრივად არ აქვთ.
მძღოლები ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, უფლებების დასაცავად ერთადერთი გამოსავალი საჯარო აქციაა, რადგან მათი დამსაქმებლები, ვირტუალურები არიან, რეგიონებში, ოფისები არ აქვთ და მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ, მენეჯერებთან კომუნიკაცია არ აქვთ.
აპლიკაციით დასაქმებულ მძღოლებს კომპანიების ტარიფებიც აწუხებთ. ამბობენ, რომ იმდენად დაბალ ფასად უწევთ მომსახურების გაწევა, მუშაობა ფაქტობრივად არ უღირთ, რადგან დამსაქმებელი კომპანია, ავტომანქანის მოვლისთვის ელემენტარულ ხარჯებსაც არ ფარავს. პრობლემები მრავალად აქვთ, თუმცა ამბობენ, კომუნიკაციას ვერავისთან ახერხებენ, მათ შორის ვერ „მაქსიმის“ ადმინისტრაციასთან, რომელიც ბათუმში ოფისს ამუშავებს.
მუშაობა ხელშეკრულებების გარეშე, მაღალი საკომისიო, დაბალი ტარიფები, გაუმართავი აპლიკაცია, დამსაქმებელი, რომელიც ჩრდილშია - „მაქსიმის“, „ბოლტის“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებულებს პრობლემები მრავლად აქვთ. მათ, მხარდაჭერას, აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანება სთავაზობს. ხელმძღვანელი მოუწოდებს მძღოლებს, მეტი ბერკეტისთვის, შექმნან პროფესიული კავშირი, რაც უფლებების დასაცავად, ბრძოლას გაამარტივებს.
დღეს, ტაქსის მძღოლებს, სოლიდარობის, თუმცა ამავდროულად გამაფრთხილებელი აქცია თბილისის პარალელურად ჰქონდათ. ამბობენ, რომ საჯარო პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე დამსაქმებლები არ გამოჩნდებიან და შრომის თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები არ დაიწყება. ლოკალური აქცია, ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია, ხვალ, 12 საათზე, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ განახლდება.
1733990122
1728455482
1727447820