ახალი ამბები • 1730812301
ჩინეთში, ოჯახმა 14 წლის წინ გატაცებული შვილი იპოვა
ჩინეთში წყვილი თავის 14 წლის წინ გატაცებულ შვილს შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სან ჟუ ქალაქ შენჟენში 2007 წელს გაიტაცეს, როდესაც ის 4 წლის იყო. მშობლებს მისი ძებნა არ შეუწყვეტიათ - ძებნის დასაფინანსებლად ქონება გაყიდეს და შვილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის 31 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოც დააწესეს.
ეს ამბავი საფუძვლად დაედო ჰონგ-კონგელი რეჟისორის, პიტერ ჩანის 2014 წლის ფილმს Dearest, რომელმაც 50 მილიონი დოლარი მოაგროვა და ჩინეთში ბავშვების ტრეფიკინგის საკითხი წინა პლანზე წამოწია.
სამართალდამცველებმა სახის ამოცნობის ტექნოლოგიის მეშვეობით მიაგნეს ადამიანს, რომელიც სანის გატაცებაში იყო ბრალდებული, შემდეგ კი უკვე 18 წლის სანის ადგილმდებარეობაც დაადგინეს. მისი ვინაობა დე ენ ემის ანალიზით დადასტურდა. თუმცა თავად სანმა მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცხოვრებას აღმზრდელ დედ-მამასთან გააგრძელებს.
ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ბავშვების ტრეფიკინგის საკითხი ახლა უკვე გაუქმებულ ერთი ბავშვის პოლიტიკას უკავშირდება. წლების განმავლობაში ოჯახებს, სადაც ერთზე მეტი ბავშვი იყო, ჯარიმების გადახდა უწევდა. სოფლებში კი ბიჭებს უფრო აფასებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მამრობითი სქესის ბავშვს მომავალში ოჯახისთვის მეტი ფინანსური სარგებლის მოტანა შეეძლო.
შედეგად, შავ ბაზარზე ბიჭებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, გატაცებების რაოდენობა გაიზარდა. ყოველწლიურად გატაცებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 2021 წელს საკუთარ ოჯახებს 8 ათასზე მეტი გატაცებული ბავშვი დაუბრუნდა.
1726854943
1726726009