ისრაელის მოქალაქეებს ბათუმში მასობრივად ძარცვავენ | ებრაული მედია

ბათუმის აეროპორტი

შემაშფოთებელი ფენომენი: ბათუმიდან ისრაელში დაბრუნებული ტურისტები აცხადებენ, რომ აეროპორტში გაძარცვეს.“ - ამ სათაურით, ერთ-ერთი ებრაული გამოცემა ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინტერვიუებში, ბათუმიდან ისრაელში დაბრუნებული ვიზიტორები აეროპორტის თანამშრომლების არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აეროპორტში დასაქმებულები მგზავრების ბარგიდან ძვირფას ნივთებს იპარავენ.

„მსოფლიოში არსად არ შემმთხვევია მსგავსი რამ, ბათუმზე ასეთი ჭორები გამიგია და არ მეგონა, რომ ამგვარად დაზარალებული მგზავრების სტატისტიკაში შევიდოდი" - ამბობს ერთ-ერთი მოგზაური.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმი, ბოლო წლებში, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა ებრაელებისთვის და ზოგადად, ტურისტებისთვის, თუმცა, მსგავსი ფაქტები საფრთხეს უქმნის სექტორს და მოგზაურებს.

„როგორც კი ჩემოდანი ავიღე კონვეიერის სარტყლიდან, აღმოვაჩინე, რომ ელვა ოდნავ ღია იყო. მაგრამ ვიფიქრე, დამავიწყდა მისი ბოლომდე დახურვა. თუმცა, როცა სახლში მივედი და ბარგის ამოლაგება დავიწყე, ვნახე, რომ ბათუმში ნაყიდი ორი სუნამო ჩანთაში აღარ იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ სასტუმროში დამრჩა, მაგრამ, მოგვიანებით ზუსტად გავიხსენე, რომ წამოსვლის წინ, ნამდვილად, ჩავდე ჩემოდანში.“ - აცხადებს ერთ-ერთი ტურისტი.

რამდენიმე მოგზაური აცხადებს, რომ მათგან გაცილებით ძვირფასი ნივთები მოიპარეს, როგორიცაა სამკაულები, საათები, ფეხსაცმელები, ნაღდი ფული.

„ჩვენი, ისრაელის მოქალაქეების პრობლემა არ არის, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა“. - აცხადებენ ებრაელი მოგზაურები.

„საოცარი ქალაქია. საყვარელი და კარგი ხალხია, მაგრამ აეროპორტის თანამშრომლებმა ჩვენი შვებულება გააფუჭეს“ - ამბობენ ვიზიტორები.

როგორც ისინი ეჭვობენ, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩემოდნებს, თვითმფრინავში, ბარგისთვის განკუთვნილ სივრცეში გასაგზავნად გადასცემენ აეროპორტში დასაქმებულებს, ისინი, ჩემოდნებს ხსნიან და სხვადასხვა ძვირფას ნივთს იღებენ.

სტატიაში საუბარია ადგილობრივ ტაქსის მძღოლებზეც. ებრაელი მოგზაურები აცხადებენ, რომ  ისინი არ არიან პატიოსნები. ებრაელები თანამემამულეებს ურჩევენ, რომ საქართველოში შიდა გადაადგილებისთვის ერთ-ერთი ტაქსის კომპანია გამოიყენონ და არ გააჩერონ ტაქსი ქუჩაში.

როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივი მძღოლები მგზავრებს უთანხმდებიან ფასზე და როცა დანიშნულების ადგილამდე მივლენ, სხვადასხვა მიზეზით, მეტს ითხოვენ.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის აეროპორტს, სადაც გვითხრეს, რომ ბარგის შემოწმებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე კერძო კომპანიაა და ისრაელ ტურისტებთან აეროპორტს კავშირი არ აქვს.

მეტის ნახვა