ლიეტუვა-თურქეთის შეთანხმება - მხარეები უკრაინისთვის "ბაირაქტარის" დრონებს შეისყიდიან

ბაირაქტარი

ლიეტუვამ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას უკრაინის არმიის საჭიროებისთვის „ბაირაქტარის“ დრონის შესყიდვის შესახებ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

„თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთის თავდაცვის სააგენტოს პრეზიდენტთან, ისმაილ დემირთან, ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ. ეს გზას უხსნის “ბაირაქტარების” შესყიდვას“, - წერს არვიდას ანუსაუსკასი.

ანუსაუსკასის თქმით, ამ მიზნით ლიეტუვის მოქალაქეებმა სამ დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.

ბაირაქტარი თურქული კომპანია BAYKAR Technologies-ის შეიარაღებული საბრძოლო აპარატია, რომელსაც 7620 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. მოწყობილობას, რომელიც აშშ-ის სამხედრო Reaper დრონებთან შედარებით 7-ჯერ მსუბუქია, სამკუთხედის ფორმის კუდი და 12 მეტრი სიგრძის ფრთები აქვს. ეს აპარატს, 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციური მართვის პირობებში, გადაბმულად 27 საათის განმავლობაში ფრენის საშუალებას აძლევს.

ბაირაქტარს ოთხამდე ლაზერით მართვადი რაკეტის ან ბომბის გადატანა შეუძლია. ტვირთის საერთო მასა 150 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

დრონი, რომელიც ხანგრძლივი გამძლეობით გამოირჩევა, დისტანციურად, სახმელეთო საკონტროლო სადგურიდან იმართება. გარდა ამისა, იგი აღჭურვილია სრულად ავტონომიური ნავიგაციის რეჟიმითაც. ეს სისტემა საომარ ოპერაციებში შეუცვლელ პლატფორმად აქცია.

შეიარაღებულ უპილოტო აპარატს სამიზნის ამოღება ჩაშენებული ლაზერული მანიშნებლით შეუძლია. სამიზნის ლიკვიდაციას დრონი ბორტზე მოთავსებული ოთხი ჭკვიანი საბრძოლო მოწყობილობით ახერხებს. ბაირაქტარი არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო გადაწყვეტას ქირურგიული სიზუსტის დარტყმებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლომდებარე ადგილების დაზიანება.

მეტის ნახვა