პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც ბინადრობის უფლების მოპოვებას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა

ყალბი პასპორტი

პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც ბინადრობის უფლების მოპოვებას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის განყოფილება ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი.

"ეჭვმიტანილმა უცხოელმა აღიარა სავარაუდო ქმედება, წარადგინა ახსნა-განმარტებები და მოითხოვა საქმის პირობითი შეწყვეტა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. ამის მიუხედავად, გორზოვ ვილკოპოლსკის სასაზღვრო დაცვის განყოფილების მეთაურმა გამოსცა გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებდა უცხოელს დაბრუნებულიყო 15 დღის ვადაში და აეკრძალა პოლონეთისა და შენგენის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხელახალი შესვლა 6 თვის ვადით", - წერია ინფორმაციაში.

პოლონეთში, ყალბი დოკუმენტის გამოყენება ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 5 წლამდე ვადით.

მეტის ნახვა