"სუხიტასეული ჰანგები" შტუტგარტში - გიორგი სუხიტაშვილმა გერმანიაში გამართულ ქართულ საღამოს უმასპინძლა

გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალმა, გიორგი სუხიტაშვილმა, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ბადენ- ვიურტემბერგის მიწაზე, ქართულ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებას გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან, სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩასული, ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან 20-ზე მეტი ქართული სიმღერა შეასრულა. როგორც გიორგიმ გვიამბო, ეს არ გახლდათ "დიდი კონცერტი" დიდ სცენაზე, არამედ ერთი ლამაზი, ქართული საღამო, რომელმაც საქართველოზე მონატრებულ ემიგრანტებს ერთი დღე გაულამაზა.

"როგორც მსახიობები ამბობენ, არ არსებობს დიდი და პატარა როლები. ვფიქრობ, არც დიდი და პატარა სცენა არ არსებობს. ჩემთვის უმთავრესია ის ემოცია, რომელიც მსმენელთან მაკავშირებს" - გვითხრა სუხიტაშვილმა

ნოემბრის საღამოს, ქალაქ შტუტგარტში გაჟღერებულმა, "სუხიტასეულმა ჰანგებმა" მსმენელი უემოციოდ ნამდვილად არ დატოვა, თუმცა, როგორც მომღერალმა გვიამბო, თავადაც ძალიან დიდი გულისხმევითა და თანადგომით იყო განმსჭვალული მოსული სტუმრების მიმართ. საღამოს დასრულების შემდეგ, გიორგი ქართველ ემიგრანტებს გაესაუბრა, მათი მოსაზრებები მოისმინა  და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. 

"მამაჩემიც ემიგრანტია და ყველაზე კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ეს შეგრძნება. ვფიქრობ, ჩვენ მათ არ უნდა აღვიქვამდეთ, როგორც მატერიალური კეთილდღეობის წყაროს, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. უმთავრესია, არ დაგვავიწყდეს, მათი ემოციები და გრძნობები, რომლებსაც ისინი თან დაატარებენ უცხო მიწაზე", - თქვა მომღერალმა

გიორგი სუხიტაშვილის მიერ გამართულ ამ საღამოს გამოხმაურება მოჰყვა გერმანიაში არსებული ქართული სათვისტომოს წევრების მიერ. ემიგრანტების უმრავლესობა გამოთქვამდა სურვილს, რომ მომღერალს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გაემართა მსგავსი ღონისძიება, რასაც გიორგი სუხიტაშვილი სამომავლოდ ნამდვილად არ გამორიცხავს. იქნებ, მალე მის რეპერტუარში გერმანულ ენაზე შესრულებული რომელიმე ქართული სიმღერაც კი ვიხილოთ.

სპეციალურად TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილი გერმანიიდან

მეტის ნახვა